ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში ჩავიდა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში ჩავიდა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„შევხვდი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს, ზაპორიჟიეში, სადაც გავცვალეთ არსებითი მოსაზრებები ზაპოროჟიეს ატომური სადგურისა და მისი პერსონალის დაცვის საკითხზე. დავადასტურე, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მხარს უჭერს უკრაინის ბირთვულ ობიექტებს“, – წერს რაფაელ გროსი.
ზელენსკიმ და გროსიმ ერთად მოინახულეს დნეპრის ჰიდროელექტროსადგური.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა და უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა. მან რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი გამოჩენილი სიმამაცისთვის დააჯილდოვა.