ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა, ვინც ამ ომის დაგეგმვაშია ჩართული, ვინც ბრძანება გასცა, სამხედრო დანაშაული ჩაიდინა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა, ვინც ამ ომის დაგეგმვაშია ჩართული, ვინც ბრძანება გასცა, სამხედრო დანაშაული ჩაიდინა

ვფიქრობ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურობა და ყველა, ვინც ამ ომის დაგეგმვაშია ჩართული, ვინც ბრძანება გასცა, სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ჰაბერთურქთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთმა წარუმატებლობა განიცადა კიევში შესვლის მცდელობისას. ისინი ბევრჯერ ეცადნენ. ქალაქი იბომბებოდა, თუმცა ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით. კიევში შესვლის უფლებას არ მივცემთ. კიევის ტერიტორიის დიდი ნაწილი ახლა რუსული ძალებისგან გაწმენდილია. რუსები განაგრძობენ ბრძოლას დონბასის რეგიონისთვის.

სამწუხაროდ, ვითარება ასეთია. ჩვენ სულ უფრო მეტ მკვლელობას ვხედავთ. ამავდროულად, ისინი ცდილობენ უკრაინელი ხალხის დისკრედიტებას. ბუჩაში აღმოჩენილია მასობრივი სამარხი. მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ზრდასრულები და ბავშვები დახოცეს. ვიხილეთ ცხედრები ზურგს უკან შეკრული ხელებით, ორგანოების გარეშე. მრავალი მსხვერპლია. ამის დამალვა არ შეიძლება. ისინი ვერასდროს გაამართლებენ თავიანთ ქმედებებს. ვფიქრობ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურობა და ყველა, ვინც ამ ომის დაგეგმვაშია ჩართული, ვინც ბრძანება გასცა, სამხედრო დანაშაული ჩაიდინა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა მარიუპოლში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები კვალის დაფარვას ცდილობენ.

„მარიუპოლში ახლა ჯოჯოხეთია. ათასობით მოკლული და დაშავებულია. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ისინი ცდილობენ ვითარების დაფარვას, თუმცა ყველაფრის დაფარვა არ გამოუვათ. ათასობით ადამიანს ვერ დამარხავენ ან დამალავენ. მსოფლიომ იხილა რეალური ვითარება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა უკან დახევას არ აპირებს.

„მსოფლიოს ყველა ლიდერი მიიჩნევს, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის. ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, არ გვსურს ყირიმის დათმობა. ჩვენ ხაზი გავუსვით ყირიმის ვითარების დიპლომატიური გზით დარეგულირების მნიშვნელობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა თურქეთს დრონებისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას.