ვოლოდიმირ ზელენსკი - ვთავაზობ რუსეთს, სცადოს მაინც იმის დამტკიცება, რომ შეუძლია, უარი თქვას აგრესიაზე, სწორი იქნებოდა, ამ შობას დაიწყოს ჯარების გაყვანა უკრაინიდან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა საშობაოდ დაიწყოს და ამით აჩვენოს თავისი უნარი, უარი თქვას აგრესიაზე.
ამის შესახებ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებისადმი მიმართვისას განაცხადა.
„ვთავაზობთ რუსეთს, გადადგას კონკრეტული არსებითი ნაბიჯი დიპლომატიური დარეგულირებისკენ, რომლის შესახებაც მოსკოვში ასე ხშირად საუბრობენ. წინ დღესასწაულებია, რომლებსაც მილიარდობით ადამიანი აღნიშნავს: შობა გრიგორიანული კალენდრით, ახალი წელი, შობა იულიუსის კალენდრით. ეს არის პერიოდი, როდესაც ნორმალური ხალხი ფიქრობს მშვიდობაზე და არა აგრესიაზე. ვთავაზობ რუსეთს, სულ მცირე, სცადოს მაინც იმის დამტკიცება, რომ მას შეუძლია, უარი თქვას აგრესიაზე. სწორი იქნებოდა, სწორედ ამ შობას დაიწყოს რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამგვარად უზრუნველყოფილი იქნება საბრძოლო მოქმედებების საიმედო დასრულება.
„ვიმედოვნებ, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ ასეთ მოწოდებას, რადგან ეს არის გლობალური ინტერესი. ეს არის ჩვენი მშვიდობის ფორმულის ნაწილი. ოკუპანტი უნდა წავიდეს. ეს აუცილებლად მოხდება და მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა გააკეთოს ეს რუსეთმა ახლა, საშობაოდ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებისადმი მიმართვისას.
ზელენსკი ასევე გამოვიდა სოციალური სამიტის გამართვის ინიციატივით, რომლის სახელწოდება იქნება „გლობალური მშვიდობის ფორმულის სამიტი“. უკრაინის ლიდერის თქმით, ამ სამიტზე იქნება განხილული უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელება.