ვოლოდიმირ ზელენსკი - ვმუშაობთ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის აქტივების ხარჯზე კომპენსაციის მიღებას
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვმუშაობთ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის აქტივების ხარჯზე კომპენსაციის მიღებას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გაერო-ში წარსადგენი რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის თანახმად, უკრაინაში წარმოებული ომისთვის კომპენსაციის გაღება რუსული აქტივებიდან მოხდება.

„გავმართე შეხვედრა გაერო-ს სტრუქტურებში ჩვენი რეზოლუციის პროექტის შემუშავების შესახებ კომპენსაციის მექანიზმის შექმნის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის აქტივების ხარჯზე კომპენსაციის მიღებას, ამ ომის შედეგად მიყენებული ყველა ზიანისთვის. ტერორისტული სახელმწიფო აუცილებლად გადაიხდის ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ახალი თავდასხმები განხორციელდა მათ ენერგოსისტემაზე. რაკეტებისა და დრონების ნაწილის ჩამოგდება საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა შეძლეს.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პარტნიორებს, რომლებიც მათ დახმარებას უწევენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებში.

„მადლობა პარტნიორებს, ყველას, ვინც გვეხმარება ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით. მაგალითისთვის, ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი „აირის-ტემ“, ეს ნამდვილად ეფექტური სისტემაა. ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ უკრაინული ცა კიდევ უფრო მეტად დავიცვათ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის 10 რეგიონზე განახორციელეს დარტყმები. მათ შორის ჟიტომირში, კიევში, სუმში, დნიპროსა და კრივოი როგში, ასევე ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ნიკოლავსა და დონბასში.