ვოლოდიმირ ზელენსკი - ვმუშაობთ დიპლომატიური საშუალებებით „აზოვსტალში“ მყოფი სამხედროების გადარჩენისთვის, ჩართული არიან გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები იმ უკრაინელი სამხედროების გადარჩენაში მონაწილეობენ, რომლებიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში თავს იცავენ.
ამის შესახებ უკრაინელმა ლიდერმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ჩვენ ვაგრძელებთ საევაკუაციო მისიას მარიუპოლიდან, კონკრეტულად კი „აზოვსტალიდან“, გაერო-სა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შუამავლობით. დღის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის, ქალებისა და ბავშვების გადარჩენა შეძლო. იმედი გვაქვს, ორთვიანი დაბომბვების შემდეგ, ისინი მალე შეძლებენ უსაფრთხო ზონაში ჩასვლას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ დიპლომატიური საშუალებებით ჩვენი სამხედროების გადარჩენისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ „აზოვსტალში“ არიან. ჩართული არიან გავლენიანი შუამავლები, გავლენიანი სახელმწიფოები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.