ვოლოდიმირ ზელენსკი - ვმუშაობთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ყველა მიმართულებით, რომ მეტი საბრძოლო მასალა მივიღოთ
სერიულ წარმოებასა და რაკეტების ახალ მოდელებთან დაკავშირებით ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიას აქვს საჭირო შედეგები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
„სერიული წარმოება და რაკეტების ახალი მოდელები – დეტალები არ არის საჯარო, მაგრამ ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიას აქვს საჭირო შედეგები. ახლა მთავარია, ჯარმა გამოიყენოს ეს შედეგები. დღეს მთავარსარდალთანაც განვიხილეთ ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ყველა მიმართულებით, რათა მეტი საბრძოლო მასალა მივიღოთ“,-აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.
„ყველა ლიდერს, ყველა სახელმწიფოს, რომელსაც სურს, იხილოს რუსული აგრესიის დასასრული ჭეშმარიტად სამართლიანი მშვიდობით, შესაძლებლობა აქვს, შემოუერთდეს ჩვენს გლობალურ ძალისხმევას, პირველ სამშვიდობო სამიტს, რომელიც ივნისში შვეიცარიაში გაიმართება. ჩვენ ვამზადებთ სამიტს და ვემზადებით კონკრეტული შედეგებისთვის – ველოდებით მსოფლიოს მკაფიო პოზიციას ამ ომის სამართლიანი დასრულების თაობაზე. მსოფლიოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. ტერორისგან ფიზიკური თავდაცვა მოიცავს საჰაერო თავდაცვას და ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერებას ფრონტზე, რათა მივაღწიოთ საჭირო შედეგებს შავ ზღვაში და იარაღის შიდა წარმოებაში, უკრაინის ეკონომიკურ სტაბილურობას, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ზეწოლას რუსეთზე და მსოფლიოს კონსოლიდაციას. ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავუშვათ შეცდომა რომელიმე ამ ასპექტში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმაზე და აღნიშნა, რომ ეს არის რუსული ტერორი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ყოველ ღამე ხდება.
„პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რომ წელს უკრაინაზე თავდასხმები გააძლიეროს და ჩვენს გატეხვას შეეცდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვზრდით ჩვენს შესაძლებლობებს, როგორებიცაა ჩვენი შორი მოქმედების იარაღი და მათი განადგურების უნარი. თუმცა ჩვენ გვჭირდება, მინიმუმ, თანაბარი შინაგანი ძალა, ისევე როგორც გაგება, რომ მხოლოდ ძლიერები ასრულებენ ომს თავიანთი პირობებით. სუსტები ომებს სხვისი პირობებით ამთავრებენ. უკრაინა ძლიერი უნდა იყოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მეტ ძალას ანიჭებს უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.