ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინს შეუძლია, ჩაიწეროს მორიგი „მიღწევა“ - მოკლა კიდევ ერთი ორსული ქალი, მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს ეს ტერორი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინს შეუძლია, ჩაიწეროს მორიგი „მიღწევა“ - მოკლა კიდევ ერთი ორსული ქალი, მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს ეს ტერორი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში 17 ოქტომბერს კიევზე დრონებით განხორციელებულ იერიშზე ისაუბრა.

მისი თქმით, „შაჰიდებით“ თავდასხმას კიევში სულ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ექვსი თვის ორსული ერთი ქალი. პრეზიდენტის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა უკრაინის 25 დასახლებული პუნქტი.

ზელენსკის თქმით, რაც ნაკლები ტერორისტული შესაძლებლობები ექნება რუსეთს, მით მალე დასრულდება ომი.

„ვლადიმერ პუტინს შეუძლია, ჩაიწეროს მორიგი „მიღწევა“ – მოკლა კიდევ ერთი ორსული ქალი. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს ეს ტერორი. როდესაც ვსაუბრობთ საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების საჭიროებებზე, ჩვენ ვსაუბრობთ რეალური ადამიანების სიცოცხლეზე, რომლებიც ტერორისტებს ეწირებიან. ჩვენ გამოგვდის რაკეტების და დრონების ნაწილის ჩამოგდება. მხოლოდ 12 საათის განმავლობაში, ჩვენ შევძელით 37 ირანული „შაჰიდის“ და რამდენიმე ფრთოსანი რაკეტის განადგურება, თუმცა ჩვენი ცის გარანტირებული დაცვისთვის და რუსი ტერორისტების შესაძლებლობების ნულამდე დასაყვანად, ჩვენ საჰაერო თავდაცვის ბევრად მეტი თანამედროვე სისტემა და ასეთი სისტემისთვის რაკეტებით მეტი უზრუნველყოფა გვჭირდება. ეს არ არის მხოლოდ უკრაინული ინტერესი. რაც ნაკლები ტერორისტული შესაძლებლობები ექნება რუსეთს, მით მალე დასრულდება ეს ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთს არ აქვს შანსები ბრძოლის ველზე და ის სამხედრო მარცხის ტერორით გადაფარვას ცდილობს, რათა ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე, ევროპასა და მთელ მსოფლიოზე.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, შეგნებულად მოიხმარონ ელექტროენერგია ენერგოსისტემაზე დატვირთვის პიკურ პერიოდში.

„ეს მთელ ქვეყანას მისცემს საშუალებას, ეს პერიოდი უფრო სტაბილურად გაიაროს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ასევე მოუწოდა ბიზნესმენებს, თუ ამის საშუალება აქვთ, დაეხმარონ ადგილობრივ დასახლებებს ტერორისტული დარტყმების შედეგების ლიკვიდაციაში.

„გთხოვთ, იზრუნეთ თქვენს იმ ნაცნობებსა და მეზობლებზე, რომლებიც მარტოები რჩებიან და საჭიროებენ ყურადღებას ან დახმარებას, კერძოდ, ხანდაზმულებზე. ჩვენი ერთიანობა, ერთმანეთის მიმართ ყურადღება, უნარი, ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ საერთო ინტერესებისთვის – ეს არის უკრაინის გამარჯვების და ტერორისტების დამარცხების გარანტია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.