ვოლოდიმირ ზელენსკი - ვინმე თუ ეცდება დროებითი საზღვრების დახაზვას, ეს იქნება მხოლოდ პაუზა ახალ ომამდე, ჩვენ არ გვაქვს დამარცხების უფლება
ვინმე თუ ეცდება დროებითი საზღვრების დახაზვას, ეს იქნება მხოლოდ პაუზა ახალ ომამდე, ჩვენ არ გვაქვს დამარცხების უფლება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა პარალელები გაავლო მეორე მსოფლიო ომს, ნორმანდიის სანაპიროზე მოკავშირეების დესანტის გადასხმით დაწყებულ ბრძოლასა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს შორის.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, რუსეთ-უკრაინის ომი განსაზღვრავს ევროპის ბედს. რაც შეეხება თავისუფალ ევროპას, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს არის იმ ხალხის თავდადების შედეგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში იბრძოდა და ნაცისტურ გერმანიას გამარჯვების საშუალება არ მისცა.
„მოგებულმა ბრძოლებმა კაცობრიობას დაუბრუნა ევროპა. იმ მოგებული ბრძოლების გარეშე არ იქნებოდა არც უკრაინა, საფრანგეთი და თავისუფალი ერები, ის ევროპა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იცის ყველამ, მუდმივად ასეთი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთი ახლა ცდილობს, გავლენა მოახდინოს მთელ მსოფლიოზე, სადაც კი ამის გაკეთება შეუძლია, მათ შორის, შანტაჟის გზით, რათა ბოლომდე ეშინოდეთ დაპირისპირების. რაც შეეხება უკრაინაში ომს, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას ისეთივე მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის, როგორც გასული თაობების ომებს. ამ ომს ზელენსკი გზაჯვარედინს უწოდებს.
სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ასევე პარალელი გაავლო პუტინსა და ჰიტლერს შორის.
„შეძლებს თუ არა პუტინი ამ ომის მოგებას? არა, რადგან ჩვენ არ გვაქვს დამარცხების უფლება. შეიძლება თუ არა ამ ომის ახლანდელ საზღვრებში დასრულება? არა, რადგან ბოროტებისთვის საზღვრები არ არსებობს, არც 80 წლის წინ არსებობდა. თუ ვინმე ეცდება დროებითი საზღვრების დახაზვას, ეს იქნება მხოლოდ პაუზა ახალ ომამდე. ახლა იგივე ხდება, რაც 1930 წელს, როდესაც ბოროტება ცდილობდა, საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ აგრესია განეხორციელებინა. ჰიტლერმა გადაკვეთა ხაზები, პუტინიც იმავეს აკეთებს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგი დეპუტატებისადმი მიმართვისას.