ვოლოდიმირ ზელენსკი - ვერსალში მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ვიცით, ვის რა პოზიცია ჰქონდა, ვინ დუმდა, ვინ გვიჭერდა მხარს
ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება უკრაინის გაწევრიანების თაობაზე ის არ არის, რასაც ველოდით, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვერსალში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შედეგებს.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენ ვიცით, ვის რა პოზიცია ჰქონდა. ვიცით, ვინ დუმდა, ვინ გვიჭერდა მხარს და ვინ გამოხატავდა არასაკმარის მხარდაჭერას უკრაინის, ევროპის და ჩვენი საერთო თავისუფლების მიმართ. ჩვენ ვიცით ასევე, როგორია ევროპელი ხალხის განწყობა და გვსურს, რომ მათი ლიდერების განწყობა გამოხატავდეს ამ ხალხის პოზიციას უკრაინელების მიმართ. უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკომისიამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, მისი ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეთა 60% უკრაინის გაწევრიანებას მხარს უჭერს.