ვოლოდიმირ ზელენსკი - ვერ ვხედავ, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ხერსონიდან გარბიან, ეს საინფორმაციო შეტევაა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალები ხერსონიდან არ მიდიან და მათი ე.წ. მზადება გასვლისთვის, საინფორმაციო ოპერაციაა. ამის შესახებ განცხადება ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
„ვერ ვხედავ, რომ ისინი ხერსონიდან გარბიან. ეს საინფორმაციო შეტევაა. ყველაფერს ვერ გაგიმხელთ. ეს თავდასხმაა, რომ ჩვენ იქ მივიდეთ და მოვხსნათ ხალხი სხვა სახიფათო მიმართულებებიდან. ეს ყველაფერი იყო საინფორმაციო ოპერაცია. ისინი არ არიან მზად ხერსონის დასატოვებლად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსეთის ყველაზე უკეთ მომზადებული ჯარისკაცები პოზიციებზე რჩებიან.
„ისინი ადგილზე არიან. ჩვენ ამას ვხედავთ და მათი არ გვჯერა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსებმა იციან, რომ ხერსონის ალყიდან გამოსვლას ვერ შეძლებენ, თუ უკრაინელები წარმატებას მიაღწევენ.
„უკრაინა ხერსონის გათავისუფლებას აუცილებლად შეძლებს. ეს რთულია,რადგან ამის საფასური ხალხია. ჩვენ ხალხს ისე არ ვექცევით, როგორც რუსეთი. რუსეთი არაფრად აგდებს იმას, თუ რამდენი ადამიანი მოკვდება. ჩვენთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასე ვერ მოვიქცევით. ამიტომ ვთხოვთ პარტნიორებს, მოგვცენ უფრო მეტი ჯავშანტექნიკა, რათა მეტი ადამიანის სიცოცხლე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რუსეთის გეგმაში დღემდე შედის უკრაინის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია.
„მათ არ სურთ გაჩერება. გაჩერება თავიდანვე არ სურდათ. მათი მისია მხოლოდ ერთია, მათ სათადარიგო გეგმები არ აქვთ. მხოლოდ ერთი გეგმა აქვთ – მოახდინონ მთელი უკრაინის ოკუპაცია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.