ვოლოდიმირ ზელენსკი - „ვაგნერის“ შეიარაღებულ ამბოხზე პუტინის პასუხი იყო სუსტი, რუსეთის პრეზიდენტი კარგავს კონტროლს საკუთარ ხალხზე
„ვაგნერის“ შეიარაღებულ ამბოხზე ვლადიმერ პუტინის პასუხი იყო სუსტი. რუსეთის პრეზიდენტი კარგავს კონტროლს საკუთარ ხალხზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ის ყველაფერს ვერ აკონტროლებს. „ვაგნერის“ ღრმად შესვლა რუსეთში და გარკვეული რეგიონების აღება აჩვენებს, რამდენად ადვილია ამის გაკეთება. პუტინი ვერ აკონტროლებს ვითარებას რეგიონებში. მთელი ძალაუფლების ვერტიკალი, რომელიც მას ჰქონდა, უბრალოდ, იშლება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვის ანგარიშებმა აჩვენა, რომ კრემლი ცდილობდა, დაედგინა, რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პრიგოჟინს და აღმოჩნდა, რომ ეს რუსეთის მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენდა.