ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა დავაჩქაროთ შეთანხმებები, გადაწყვეტილებები, რათა შევზღუდოთ რუსეთის პოტენციალი, არ არსებობს ალტერნატივა, გარდა უკრაინის გამარჯვებისა და ევროკავშირში, ნატო-ში გაწევრიანებისა
რუსეთი ცდილობს, მსოფლიოსთან ვაჭრობით მოიგოს დამატებითი დრო აგრესიისთვის. სამწუხაროდ, რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია უამრავი სიცოცხლის განადგურება. სწორედ ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკიმ კონფერენციის მონაწილეებს მიმართა, რომ აუცილებელია, დაჩქარდეს შეთანხმებები და გადაწყვეტილებები.
„ჩვენ უნდა დავაჩქაროთ შეთანხმებები, დავაჩქაროთ მიწოდება, დავაჩქაროთ ჩვენი გადაწყვეტილებები, რათა შევზღუდოთ რუსეთის პოტენციალი. დაჩქარების გარდა, ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. სიჩქარეზე დამოკიდებულია სიცოცხლე. გაჭიანურება მუდამ იყო და ახლაც არის შეცდომა. ვიდრე ჩვენ ვთანხმდებით, როგორ გავაძლიეროთ თავდაცვა თანამედროვე ტანკებით, კრემლში ფიქრობენ გზებზე, როგორ მოგუდონ მოლდოვა. ვიდრე ჩვენ ვცდილობთ, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინას სჭირდება თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები, კრემლმა უკვე დაარწმუნა ირანის რეჟიმი. ამის შედეგი არის არა მხოლოდ ლეტალური ირანული დრონები უკრაინის ცაზე, არამედ რაღაც, რაც რუსეთმა ამ დრონების მისაღებად გადაიხადა. დარწმუნებული ხართ, რომ ეს მხოლოდ ფულია? თუ შეიძლება, მსოფლიომ მიიღოს გამდიდრებული ურანის მქონე ირანის რეჟიმი? დარწმუნებული ვარ, არცერთ ჩვენგანს არ სურს, ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და სპარსეთის ყურეში ეს გამოცადონ. ვიდრე ჩვენ ვკარგავთ კვირებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შევათანხმოთ, ტერორისტი სახელმწიფო ეძებს გზებს, რათა უკვე არსებულ შეზღუდვებთან ადაპტაცია შეძლოს. ეს ხდება პარალელური იმპორტით, ნავთობის ტანკერების ჩრდილოვანი ფლოტით და ასე შემდეგ. სად ვიხილავთ რუსეთის ამ უკანონო შემოსავლის შედეგს? ამას ვიხილავთ კრემლის მცდელობაში, მოისყიდოს თქვენი პოლიტიკური სისტემა და საერთაშორისო ინსტიტუტები, ასევე მცდელობაში, რომ მოახდინოს თქვენი სოციალური ცხოვრების დესტაბილიზაცია და ვიხილავთ დეზინფორმაციულ კამპანიებში, რომელიც თქვენი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული. ასევე, სიტუაციის ესკალაციაში იმ რეგიონებში, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურება არის წყარო, რომლითაც საზრდოობს პუტინის დიქტატორული რეჟიმი.
„ეს ასეა მრავალი წლის განმავლობაში. რაც უფრო მეტად იწელება საუბრები ევროკავშირის გაფართოებაზე, მით მეტი დესტრუქცია შეჰქონდა კრემლს რუსეთსა და ევროკავშირს შორის მდებარე ნაცრისფერ ზონაში. რაც უფრო ხმამაღლა ისმოდა, რომ აუცილებელია, გამოინახოს გზა, რათა უკრაინას მიეცეს უფლება, შევიდეს ნატო-ს ღია კარში, მით უფრო აგრესიული ხდებოდა რუსეთის პოლიტიკა. რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა გლობალურ დღის წესრიგში დუმილი ყირიმის შესახებ, მით უფრო ძლიერი ხდებოდა რუსეთის რევანშიზმი
ამასთან კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა უკრაინის გამარჯვებისა და მისი ევროკავშირში, ნატო-ში გაწევრიანებისა. მისივე თქმით, რუსეთის აგრესიისგან სრულად გათავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს.
„ყველა ქალაქი, სოფელი და დასახლება, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული რჩება, ნიშნავს მძევლად აყვანილ ადამიანებს. შეიძლება, ხალხი იყოს კომპრომისის საგანი? პასუხია – არა. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ უკრაინა და ევროპაც, რადგანაც როდესაც რუსეთი იარაღს ჩვენ გვესვრის, მას უკვე ჰყავს მიზანში ამოღებული ჩვენი მეზობლები. შეიძლება, ევროპა იყოს კომპრომისის საგანი? არა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ პუტინის დამარცხება შესაძლებელია და ასევე შესაძლებელია ყველა დიქტატორის დამარცხება მთელ მსოფლიოში.