ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლეს რადაში ყოველწლიური მიმართვით წარდგება
ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლეს რადაში ყოველწლიური მიმართვით წარდგება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლესი რადის წინაშე ყოველწლიური მიმართვით მიმდინარე კვირაში წარდგება. როგორც ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რადაში სიტყვით გამოსვლისას, გეგმავს, წარმოადგინოს თავისი ხედვა უკრაინის ეროვნული მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელთა შორის არის უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება და უკრაინის აღდგენა.

„ეს კვირა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური თვალსაზრისით. შემდეგ წელში გადავდივართ და უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული მიზნების საერთო გაგება. რა თქმა უნდა, ეს არის მტრისგან ჩვენი მიწის გათავისუფლება, უკრაინის აღდგენა, ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნება, საკვანძო პარტნიორებთან ჩვენი სახელმწიფოს კიდევ უფრო დაახლოება, მსოფლიოში უკრაინისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნა. ეს არის უახლოესი მომავლის ამოცანები არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის. უახლოეს დროში ამ ამოცანების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩემ ხედვას წარმოვადგენ უმაღლეს რადაში, ჩემ ყოველწლიურ მიმართვაში, უკრაინის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ. მსურს, ეს მიმართვა იყოს არა ანგარიში, არამედ ჩვენი საუბარი მომავალი წლის შესახებ. მადლობა ყველას, ვინც უკრაინისთვის მუშაობს! მადლობა ყველას, ვინც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის! მადლობას ვუხდი ჩვენი თავდაცვის ძალების ყველა დანაყოფს, რომლებიც მტრის დამარცხებას აახლოებენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მომავალი წელი გადამწყვეტი უნდა იყოს.

„ვაცნობიერებთ, რა რისკები არის ზამთარში, ვაცნობიერებთ, რა გავაკეთოთ გაზაფხულზე, ანუ გვესმის, რა შედეგები უნდა აჩვენოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მთელმა სექტორმა“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.