ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებაზე მოლაპარაკებები მშვიდობის მოახლოების ერთადერთი ფორმატია
რუსეთს, როგორც ტერორისტულ სახელმწიფოს, არ სურს მშვიდობა და მხოლოდ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებაზე მოლაპარაკებები მშვიდობის მოახლოების ერთადერთი ფორმატია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მსოფლიოში ყველას ესმის, რის წინააღმდეგაც აწარმოებს რუსეთი ომს უკრაინაში და ეს არის რუსული ომი ყველა იმ ღირებულების წინააღმდეგ, რომელიც ადამიანებს ადამიანებად აქცევს და ცხოვრებას მშვიდობიანს ხდის.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარების აუცილებლობას ყველა დონეზე და აღნიშნა, რომ ტერორიზმი არავინ უნდა დააფინანსოს.
„რუსეთი უნდა დაისაჯოს ტერორისთვის. მხოლოდ ეს უზრუნველყოფს, რომ დაპირისპირება არ გაიზარდოს და კიდევ უფრო მასშტაბური არ გახდეს, არ გავრცელდეს სხვა ქვეყნებში. მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური ერთიანობა – მსოფლიოს ყველა ხალხის ერთიანობა, ვინც აფასებს მშვიდობას, პატივს სცემს ყველას სიცოცხლის უფლებას და საკმარისად პატიოსანია აღიაროს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მუდმივი ტერორი არის რუსეთის აშკარა უარი რეალურ მოლაპარაკებებზე. ჩვენ გვჭირდება მკაფიო დაგმობა რუსეთის ყველა ესკალაციური ნაბიჯის ყველა დონეზე – ტერორისტული თავდასხმებიდან ჩვენი ტერიტორიის ანექსიის დანაშაულებრივ მცდელობამდე. შესაბამის რეზოლუციას გაერო-ს გენერალური ასამბლეა განიხილავს. კენჭისყრით დავინახავთ, ვინ და როგორ ექცევა სინამდვილეში ტერორისტებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.