ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ტერიტორიების დათმობა რთული საკითხია, ტერიტორიების დათმობა მხოლოდ უკრაინელი ხალხის თანხმობით არის შესაძლებელი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორიების დათმობა მხოლოდ უკრაინელი ხალხის თანხმობით არის შესაძლებელი. ამის შესახებ განცხადება ზელენსკიმ ფრანგულ გამოცემა „ლე მონდთან“ ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, ის არ აპირებს უკრაინელი ხალხის თანხმობის გარეშე რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას.
„თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი პრეზიდენტი ვერ მიიღებს, ვერცერთი ადამიანი და ვერც მთელი მსოფლიოს პრეზიდენტები ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ უკრაინელი ხალხის მონაწილეობის გარეშე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალურად არ აქვს უფლება, ტერიტორიები სხვას გადასცეს.
„ეს უნდა სურდეს უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნებისმიერ ასეთ დათმობას ვლადიმერ პუტინი გამარჯვებად აღიქვამს და ამიტომ ეს რთული საკითხია.
„ლე მონდთან“ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ სურს, ნოემბერში დაგეგმილ მეორე სამშვიდობო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლები იხილოს.
ცნობისთვის, უკრაინის კონსტიტუციის 73-ე მუხლით, ტერიტორიული ცვლილებები მხოლოდ რეფერენდუმის საფუძველზეა დაშვებული. კონსტიტუციის 133-ე მუხლში ჩამოთვლილია უკრაინის ყველა ოლქი. მათ შორის რუსეთის მიერ უკანონოდ მიტაცებული ყირიმის ნახევარკუნძული, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები. კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭიროა პარლამენტში დეპუტატების ორი მესამედის თანხმობა.