ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის საჰაერო თავდაცვა შეიძლება, გახდეს ყველაზე მძლავრი ევროპაში, ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია მთელი კონტინენტისთვის
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასში, ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე უკრაინის ძალებს წინსვლა აქვთ. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ფრონტზე არსებული ვითარება სამხედრო მეთაურობასთან განიხილა. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი კვლავ ბახმუტი, სოლედარი და კრემენაიაა.
ამასთან, უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ მომავალ წელს უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ევროპის მთელი კონტინენტის უსაფრთხოების გარანტია გახდება.
„საკვანძოა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, ჩვენი დონბასი, სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება. ბახმუტი, სოლედარი, კრემენაია… გვიკავია პოზიციები. არის ფრონტის ისეთი მონაკვეთებიც, სადაც ცოტ-ცოტა წინ მივიწევთ. მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, რომლებიც ამას უზრუნველყოფენ. აი, ნამდვილი გმირები! ჩვენ განვიხილეთ სიტუაციას სამხრეთში, ჩვენს საზღვარზე, იარაღის მიწოდება, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. მიმდინარე წელს ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა, არამედ გავაძლიერეთ, როგორც არასდროს. თუმცა ახალ წელს უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიდევ უფრო ძლიერი და შედეგიანი გახდება. უკრაინის საჰაერო თავდაცვა შეიძლება, გახდეს ყველაზე მძლავრი ევროპაში და ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის, არამედ მთელი კონტინენტისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე ენერგეტიკული მდგომარეობაც განიხილეს.