ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის კონტრშეტევა რუსულმა თავდაცვის ძალებმა შეანელა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის კონტრშეტევა რუსულმა თავდაცვის ძალებმა შეანელა

უკრაინის კონტრშეტევა რუსულმა თავდაცვის ძალებმა შეანელა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენთანინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ სურდა, დასავლური იარაღის მიწოდება ბევრად ადრე დაწყებულიყო.

ზელენსკის თქმით, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მისი სამხედროები ვერც კი ფიქრობენ შეტევის დაწყებაზე, რადგან მათ არ აქვთ „შესაბამისი იარაღი“.

„მადლობელი ვარ აშშ-ის, როგორც ჩვენი მხარდაჭერის ლიდერების, მაგრამ მე ვუთხარი მათ, ისევე როგორც ევროპელ ლიდერებს, რომ გვსურს, დავიწყოთ კონტრშეტევა უფრო ადრე და გვჭირდება ყველა იარაღი და რესურსი ამისთვის. რადგან თუ ამას მოგვიანებით დავიწყებთ, ეს პროცესი უფრო ნელა წავა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე არსებული სირთულეები ახლა „შენელებულ“ კონტრშეტევას იწვევს.

„მინდოდა, რომ ჩვენი კონტრშეტევა გაცილებით ადრე მომხდარიყო, რადგან ყველა მიხვდა, რომ თუ კონტრშეტევა მოგვიანებით განვითარდება, მაშინ ჩვენი ტერიტორიის უფრო დიდი ნაწილი დანაღმული იქნება. ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მტერს დროსა და შესაძლებლობას, განათავსოს მეტი ნაღმი და მოამზადოს თავისი თავდაცვითი ხაზები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა თავის თხოვნას ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შესახებ და აღნიშნა, რომ „ჰაერის დაფარვის გარეშე წარმატებული კონტრშეტევა ძალიან რთულია“.