ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის კანონმდებლობით, მამაკაცს თუ სამობილიზაციო ასაკი აქვს, უკრაინაში უნდა იმყოფებოდეს, შემდეგ ან იბრძოლებს, ან იმუშავებს, ჩვენ ომში ვართ, ამიტომ ან მუშაობ, ან იბრძვი
უკრაინას ყოველთვის აკლია ხალხი ფრონტზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
მობილიზაციაზე საუბრისას ზელენსკი უცხოეთში მყოფი უკრაინელი მამაკაცების საკითხსაც შეეხო.
„უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, მამაკაცს თუ აქვს ასაკი, რომ მობილიზაციის დროს გამოცხადდეს ომში, მაშინ ის უკრაინაში უნდა იმყოფებოდეს. ეს არის ფაქტი. შემდეგ ან იბრძოლებს, ან იმუშავებს. ჩვენ ომში ვართ, ამიტომ ან მუშაობ, ან იბრძვი, რადგან ერთი სამხედროს ხელფასი ექვსი-რვა ადამიანის გადასახდელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან სამხედროების ანაზღაურებაზე საუბრისას განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერა არ არის მიმართული უკრაინელი სამხედროების ხელფასების უზრუნველსაყოფად და მას ხალხის გადასახადებიდან იხდიან.
„ეს არის სამართლიანობის საკითხი. შეიძლება, მუშაობდე და არ იყო ფრონტზე. ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე, მაგრამ გადასახადები უნდა გადაიხადო. ზოგადად, გადასახადების გადახდა სამართლიანია, მაგრამ ომის დროს ეს ძალიან მწვავეა“, – განაცხადა ზელენსკიმ.