ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ მოკავშირეთა სწრაფ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული
უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ მოკავშირეების სწრაფ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, აღნიშნულ გეგმას მომავალ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან პირისპირ შეხვედრისას განიხილავს.
„„გამარჯვების გეგმის“ შესახებ გადაწყვეტილებები კონკრეტულად ბაიდენზეა დამოკიდებული. სხვა მოკავშირეებზეც, მაგრამ არის გარკვეული პუნქტები, რომლებიც აშშ-ის კეთილ ნებასა და მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. მთელი გეგმა დამოკიდებულია ჩვენი პარტნიორების სწრაფ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უნდა მიიღონ ოქტომბრიდან დეკემბრამდე. ეს პროცესები არ უნდა გადაიდოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა გეგმავს ევროკავშირის მიერ შეთავაზებული მრავალმილიარდიანი სესხის გამოყენებას საჰაერო თავდაცვის, ენერგეტიკისა და ადგილობრივი იარაღის შესყიდვებისთვის.