ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ევროკავშირში წევრობა უნდა იყოს აბსოლუტური რეალობა, არა უბრალოდ დაპირებები ან პერსპექტივა, არამედ პრაქტიკული ნაბიჯები
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ევროკავშირში წევრობა უნდა იყოს აბსოლუტური რეალობა, არა უბრალოდ დაპირებები ან პერსპექტივა, არამედ პრაქტიკული ნაბიჯები

ყველაფერი, რაც ომმა გაანადგურა, აღდგება. უკრაინის აღდგენა ახლა უნდა გახდეს ისეთივე ისტორიული მაგალითი მომავლისთვის, როგორც ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული ქვეყნების აღდგენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც ვირტუალურ რეჟიმში მიმართა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას „უკრაინისთვის“.

მისივე თქმით, თავისუფალი მსოფლიოს სწრაფი და საკმარისი ინვესტიციები ნიშნავს, რომ ომის გამო იძულებით გადაადგილებული მილიონობით უკრაინელი სახლში დაბრუნებას შეძლებს.

„ჩვენ ვთავზობთ ჩვენს პარტნიორებს, ცივილიზებულ და პასუხისმგებლიან ქვეყნებს, აიღონ საკუთარ თავზე უკრაინის იმ რეგიონების, ქალაქებისა და ინდუსტრიების მფარველობა, რომლებიც დაზარალდნენ რუსეთის მიერ დაწყებული ომით, რაც ნიშნავს, რომ იმუშაონ ჩვენთან ერთად ამ რეგიონების, ქალაქებისა და ინდუსტრიების სრული აღდგენის უზრუნველსაყოფად. პატრონაჟის ამგვარ პროექტს შეუძლია, შექმნას თავისუფალი მსოფლიოს სახელმწიფოებს, რეგიონებს შორის, ევროპისა და დემოკრატიული სახელმწიფოების ქალაქებსა და კომპანიებს შორის ურთიერთქმედების და პარტნიორობის ახალი ისტორიული მაგალითი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში წევრობა უნდა იყოს აბსოლუტური რეალობა, არა უბრალოდ დაპირებები ან პერსპექტივა.

„უკრაინამ სწრაფად უნდა იმოძრაოს ევროკავშირისკენ წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით, რაც მას ახლავე უნდა მიანიჭონ, ომის პირობებში და სპეციალურად შემოკლებული პროცედურით ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი იყო დაგეგმილი, როგორც მზადება ერთიან ევროპაზე დარტყმის მისაყენებლად. ასე რომ, მეტი ერთიანობა იქნება ძლიერი პასუხი ამ ყველაფერზე. სწორედ ამიტომ, უკრაინის წევრობა ევროკავშირში უნდა იყოს აბსოლუტური რეალობა, არა უბრალოდ დაპირებები ან პერსპექტივა, არამედ პრაქტიკული ნაბიჯები. მე ვიცი, რომ ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯებისთვის და თქვენც იცით ეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს უმრავლეოსობას ეს კარგად ესმის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მადლობელია კონფერენციის ყველა მონაწილის, რათა ისინი არიან უკრაინის გვერდით ამ ომში.

„მადლობელი ვარ კონფერენციის ყველა მონაწილის, რომ არიან ჩვენს გვერდით ამ ომში, თავისუფალი და დემოკრატიული ცხოვრებისთვის, მილიონობით ადამიანისთვის, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის, რომლებსაც შესაძლოა, ტირანია საფრთხეს უქმნის. მჯერა, რომ ევროპა აჩვენებს თავის სიძლიერეს დღეს, თქვენ აჩვენებთ თქვენს სიძლიერეს, მათ შორის საერთაშორისო ინსტიტუტების, გაერო-ს ინსტიტუტების სიძლიერეს, რომელთა წარმომადგენლები აქ იმყოფებან, ჩვენთან ერთად და შეუძლიათ, იყონ უფრო ეფექტიანები, რადგან ეს არის საერთო თავისუფლება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პოლონეთში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.