ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დაცვა რუსული რაკეტებისგან გლობალური უსაფრთხოების საბაზისო ელემენტია
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დაცვა რუსული რაკეტებისგან გლობალური უსაფრთხოების საბაზისო ელემენტია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის დაცვა რუსული რაკეტებისგან გლობალური უსაფრთხოების საბაზისო ელემენტია. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.

მისივე თქმით, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების კიევისთვის გადაცემაზე მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს. ზელენსკის განცხადებით, რაც უფრო ხარისხიანი მხარდაჭერა ექნება უკრაინას, მით უფრო მალე დასრულდება ომი.

„მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეფექტური ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების საჭირო რაოდენობით გადმოცემის გარეშე, რუსეთი კვლავაც იგრძნობს დაუსჯელობას და გააგრძელებს ახალი გლობალური თუ ლოკალური კრიზისების პროვოცირებას. ამიტომაც, უკრაინის დაცვა რუსული რაკეტებისგან ნამდვილად არის გლობალური უსაფრთხოების საბაზისო ელემენტი. საერთო ჯამში უკრაინის მხარდაჭერას იარაღით, საბრძოლო მასალით, ფინანსებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპაში მშვიდობისთვის. რაც უფრო ხარისხიანი მხარდაჭერა გვექნება, მით მალე დასრულდება ომი. ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი, თავისუფალი სამყაროს საერთო ღირებულებების რეალური დაცვა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის გამარჯვების გზით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თავის გამოსვლაში ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან სამოქალქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშებზე და თქვა, რომ მსოფლიოს რეაქცია ასეთ დარტყმებზე უნდა იყოს ხისტი და პრინციპული.

ტერორისტ-სახელმწიფოს სურს აჩვენოს, რომ მსგავსი დარტყმებით შეუძლია, მოახდინოს თავისი სამხედროების სიმხდალისა და უნიჭობის, ასევე სანქციებისგან და ეკონომიკური იზოლაციისგან თავის არიდების ჩაშლილი მცდელობის კომპენსირება. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, რომ რუსეთის მხრიდან ტერორის ნებისმიერ გამოხატულებას მოჰყვება ხისტი და პრინციპული რეაქცია. ამიტომაც არის საჭირო ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.