ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში თითოეული ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებლობა მათზეცაა, ვისაც არ შეუძლია სადღაც იქ, დასავლეთში აუცილებელი გადაწყვეტილების მიღება
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ავიადარტყმების შედეგად და ბლოკირებულ ქალაქში დაღუპულ თითოეულ მოქალაქეზე პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს, ასევე დასავლეთში იმ პირებს, რომლებიც ამ 13 დღის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებენ, რომელთაც ვერ შეძლეს უკრაინული ცის დახურვის უზრუნველყოფა.
„უკრაინაში ავიადარტყმებისგან და ბლოკირებულ ქალაქებში თითოეული ადამიანის სიკვდილში დამნაშავე რა თქმა უნდა რუსეთის სახელმწიფოა. ბრალი რუს სამხედროებს მიუძღვით. მათ, ვინც გასცა და შეასრულა ეს დანაშაულებრივი ბრძანებები. ვინც არღვევს ომის წარმოების ყველა წესს. ვინც გამიზნულად ანადგურებს უკრაინელ ხალხს. ოკუპანტებს მიუძღვით ბრალი, თუმცა, ამაზე პასუხისმგებლობა მათზეცაა, ვისაც უკვე მე-13 დღეა, არ შეუძლია სადღაც იქ, დასავლეთში, კაბინეტებში თვალსაჩინო და აუცილებელი გადაწყვეტილების მიღება. მათზე, ვინც ამ დრომდე არ უზრუნველყო უკრაინული ცის დახურვა რუსი მკვლელებისგან. ვინც არ გადაარჩინა ჩვენი ქალაქები ავიადარტყმებისგან, ამ ბომბებისა და რაკეტებისგან“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხალხი შიშობს, ტრანსპორტირებისას შესაძლოა, მათ ცეცხლი გაუხსნან.