ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში საიმედო მშვიდობა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა შესაძლებელი, სუვერენიტეტით ან ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში საიმედო მშვიდობა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა შესაძლებელი, სუვერენიტეტით ან ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

უკრაინაში საიმედო მშვიდობა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა შესაძლებელი, სუვერენიტეტით ან ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი, რაც გამარჯვების გეგმაშია ჩაწერილი, სრულიად რეალურია უკრაინის პარტნიორებისთვის.

„მსოფლიოში არსებობს რესურსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს წინ წავიწიოთ „მშვიდობის ფორმულის“ მიხედვით. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა – უკრაინისთვის საიმედო მშვიდობისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტირება. ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, სუვერენიტეტით ან ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე – სწორედ ისე, როგორც ეს „მშვიდობის ფორმულაშია“ გათვალისწინებული. უკრაინას სჭირდება ნამდვილი, სამართლიანი მშვიდობა. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენი ხალხიც და ჩვენი პარტნიორებიც ნამდვილად გაერთიანებულები იქნებიან. სწორედ ამისთვის ვმუშაობთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გრძელდება უკრაინისა და აშშ-ის, ასევე სხვა პარტნიორების მუშაობა „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრის მოსამზადებლად.