ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს მიზანში აქვს გოტლანდიის კუნძულები, შემდეგ სამიზნედ კი შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნები აირჩიოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს მიზანში აქვს გოტლანდიის კუნძულები, შემდეგ სამიზნედ კი შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნები აირჩიოს

უკრაინაში რუსული აგრესია ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ყველა მეზობელი სახელმწიფო საფრთხეშია, მათ შორის შვედეთიც. რუსეთის პროპაგანდისტული სამთავრობო არხები უკვე ღიად განიხილავენ თქვენი ტერიტორიის, კუნძულ გოტლანდიის ოკუპაციის საკითხს, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის მთავრობას.

მისივე თქმით, ყველა ქვეყნის მოსახლეობას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს მისი მომავალი, გააკეთოს არჩევანი დიქტატურასა და დემოკრატიას შორის.

„თანამედროვე ევროპა მშვიდობაზე დგას, რაც თავის მხრივ, მორალურ პრინციპებს ეფუძნება. ამ პრინციპების თანახმად, სახელმწიფო საზღვრების გადალახვა ძალისმიერი მეთოდებით დაუშვებელია. ყველა ქვეყნის მოსახლეობას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს მისი მომავალი, გააკეთოს არჩევანი დიქტატურასა და დემოკრატიას შორის და აირჩიოს მომავალი ოკუპაციის გარეშე. ამ პრინციპებზე დაყრდნობით, ჩვენ ევროპასთან გვქონდა შესანიშნავი ურთიერთობა, მჭიდრო თანამშრომლობა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის საშუალება მშვიდ გარემოში შეგვეძლო. ასე იყო, ვიდრე რუსეთის მთავრობამ არ გადაწყვიტა, დროში ემოგზაურა, არ უთხრა უარი 21-ე საუკუნის მშვიდობას და ძველი ეპოქისთვის დამახასიათებელი ტოტალიტარული იდეოლოგიით არ შემოიჭრა ჩვენ მიწაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შვედეთის სამეფოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა აქამდე დაეცემოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის მისწრაფება თავისუფლებისკენ, რაც რუსეთისთვის უცხოა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინით არ დაკმაყოფილდება და ინტერვენციას ევროპის მიმართულებით გააგრძელებს.

„რუსეთს მიზანში აქვს ამოღებული გოტლანდიის კუნძულები, სადაც სამხედრო ბაზისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებას გეგმავს. შემდეგ სამიზნედ კი შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნები აირჩიოს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შვედეთს მხარდაჭერისთვის. მან აღნიშნა, რომ შვედეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინას მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინა.