ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში ომი ჩვენს გამარჯვებამდე გაგრძელდება ან რუსეთს შეუძლია ომის დასრულება მანამდეც, შეუძლიათ, დატოვონ ჩვენი ტერიტორია
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში ომი ჩვენს გამარჯვებამდე გაგრძელდება ან რუსეთს შეუძლია ომის დასრულება მანამდეც, შეუძლიათ, დატოვონ ჩვენი ტერიტორია

უკრაინაში ომი ჩვენს გამარჯვებამდე გაგრძელდება ან რუსეთს შეუძლია ომის დასრულება მანამდეც, შეუძლიათ, დატოვონ ჩვენი ტერიტორია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განაცხადა. მანამდე ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველ ხალხს.

„მოხარულები ვართ, რომ ისტორიულად ჩვენ ერთად მოვდივართ, მხარდამხარ. დიდი მადლობა მოლდოველ ხალხს, რომ უმასპინძლეთ უკრაინელ ლტოლვილებს ომის პირველივე დღეებიდან. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. როგორც პრეზიდენტმა სანდუმ განაცხადა, ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები. უახლოეს მომავალში, ვფიქრობ, შეთანხმებები გაფორმდება. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი ევროპაში. უკრაინა მზადაა, იყოს ნატო-ს წევრი და ჩვენ ველოდებით, როდის იქნება მზად ნატო ჩვენს მისაღებად. უსაფრთხოების გარანტიები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი მეზობლებისთვისაც, მათ შორის მოლდოვისთვის, რუსეთისა და მისი აგრესიის გამო უკრაინაში და მისი პოტენციური აგრესიის გამო ევროპის სხვა ნაწილის მიმართ. დღეს ვაპირებ საუბარს პარტნიორებთან ახლა პატრიოტების კოალიციაზე, ეს არის ახალი ინიციატივა, რომელიც ძალიან გვჭირდება. ასევე ვისაუბრებთ ბრძოლის ველზე უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებასა და მშვიდობის ფორმულაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის დასრულება ომი უკრაინაში, ზელენსკიმ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები მაშინ შეწყდება, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს ან რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიიდან გავლენ.

„უკრაინაში ომი ჩვენს გამარჯვებამდე გაგრძელდება, როდესაც გავიმარჯვებთ, ომი დასრულდება. ან რუსეთს შეუძლია ამ ომის დასრულება მანამდეც. მათ შეუძლიათ, გავიდნენ საკუთარ ტერიტორიაზე და დატოვონ ჩვენი ტერიტორია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე უპასუხა კითხვას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, ამისთვის საჭიროა ალიანსის ერთიანობა და ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება.