ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ისევ არ მიუღია საკმარისი თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემები, ყოველი რუსული რაკეტა, რომელიც ჩვენს ქალაქებს ურტყამს, შავ ლაქას ადებს მათ, ვისზეც გადაწყვეტილება იყო დამოკიდებული
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ისევ არ მიუღია საკმარისი თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემები, ყოველი რუსული რაკეტა, რომელიც ჩვენს ქალაქებს ურტყამს, შავ ლაქას ადებს მათ, ვისზეც გადაწყვეტილება იყო დამოკიდებული

უსაფრთხოების გლობალური არქიტექტურა უუნარო აღმოჩნდა, არ არის საჭირო ფუჭი იმედების დამყარება, რომ რუსები უბრალოდ დატოვებენ ჩვენს მიწას, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მშვიდობის მოპოვება, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მსოფლიოში არ არსებობს ისეთი სუბიექტები, რომლებსაც შეუძლიათ ომების შეჩერება და მშვიდობის მინიჭება. გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა უუნაროა. ჩვენთვის მშვიდობა არ იქნება მტრის რაიმე გადაწყვეტილების შედეგი სადმე მოსკოვში.არ არის საჭირო ფუჭი იმედების დამყარება, რომ ისინი უბრალოდ დატოვებენ ჩვენს მიწას. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მშვიდობის მოპოვება. შეგვიძლია მოვიპოვით ის მძიმე ბრძოლებში და პარალელურად – მოლაპარაკებებში და პარალელურად – ყოველდღიურ ენერგიულ მუშაობაში,”- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მიზანი დონბასის რეგიონის და უკრაინის სამხრეთის დაკავებაა, ხოლო უკრაინის მიზანი თავისუფლების, საკუთარი მიწის და ხალხის დაცვაა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის ისევ არ მიუღია საჭირო იარაღი და სამხედრო ტექნიკა.

„სამწუხაროდ, უკრაინას ჯერ ისევ არ მიუღია საკმარისი თანამედროვე დასავლური ანტისარაკეტო სისტემები, არ მიუღია თვითმფრინავები. ვერ მივიღეთ ის, რისი მოწოდებაც შეეძლოთ პარტნიორებს, შეეძლოთ – და ისევ შეუძლიათ. ყოველი რუსული რაკეტა, რომელიც ჩვენს ქალაქებს ურტყამს და ყოველი ბომბი, რომელიც ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს ეცემა, მხოლოდ შავ ლაქას ადებს მათ, ვისზეც გადაწყვეტილება იყო დამოკიდებული,”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვილოდიმირ ზელენსკიმ ასევე, მადლობა გადაუხადა ენერგოდარის მცხოვრებლებს, რომლებმაც ოკუპანტების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. მან ასევე უკრაინის უმაღლესი რადას იმ დეპუტატებს მიმართა, რომლებმაც უკრაინის ჰიმნის სიტყვების შეცვლის ინიციატივა გამოთქვეს და პოლიტიკოსებს მოუწოდა დაიმშვიდონ ემოციები და თავი შეიკავონ მსგავსი კანონპროექტების ინიცირებისგან.

საკუთარ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი.

„მინდა, მივმართო ერთ ადამიანს, რომელსაც, როგორც ჩანს, ბოლომდე არ ესმის, რა ხდება არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ ევროპაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვინც არის ალბათ ერთადერთი ევროპაში, რომელიც ღიად უჭერს მხარს ბატონ პუტინს. ოფიციალური ბუდაპეშტისგან განსაკუთრებული არაფერი გვითხოვია. ჩვენ ვერ მივიღეთ ის, რაც ვითხოვეთ. სამხედრო დახმარების სასიცოცხლოდ აუცილებელი ტრანზიტი. ომის შეჩერების ვერცერთი მცდელობა ვერ ვნახეთ! მთელი ევროპა ცდილობს შეაჩეროს ომი, აღადგინოს მშვიდობა. მაშ, რატომ ეწინააღმდეგება ოფიციალური ბუდაპეშტი მთელ ევროპას, ყველა ცივილიზებულ ქვეყანას? რისთვის? ჩვენთვის მთავარი ხალხის აზრია. უკრაინელი ხალხი მხარს უჭერს უნგრელ ხალხს. უნგრელი ხალხი მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვაფასებთ მშვიდობას, ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებას და ვაფასებთ სიმართლეს. პოლიტიკოსები მიდიან, მაგრამ სიმართლე რჩება. ეს თუ ომია, მე მას ომს ვუწოდებ და არა „სპეციალურ ოპერაციას“. ეს თუ საფრთხეა მთელი ევროპისთვის, მაშინ მე მას საფრთხეს ვუწოდებ მთელი ევროპისთვის. ამას ჰქვია პატიოსნება, რომელიც ბატონ ორბანს აკლია. მან შეიძლება დაკარგა ეს სადღაც მოსკოვთან კონტაქტის დროს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.