ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის იარაღი, რომ წარმატებით გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის შეტევას
უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის იარაღი, რომ წარმატებით გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის შეტევას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ პირობებში ოკუპანტები ყოველდღიურად შეძლებენ წინსვლას.
„გულწრფელად გეუბნებით, ამ დახმარების გარეშე ჩვენ არ გვექნება გამარჯვების შანსები. საჭიროა, მტერზე ბევრად ძლიერი იყო. დღეს საარტილერიო ჭურვები ერთი ათის წინააღმდეგაა. შეგვიძლია, ასე გავუძლოთ? არა. თვითმფრინავები ერთი 30-ის წინააღმდეგაა. როგორ უნდა ვიომოთ? ჩვენ ხომ არ ვითხოვთ რამე განსაკუთრებულ იარაღს. არავინ ითხოვს 500 ან 300 თვითმფრინავის გადმოცემას. სხვათა შორის, რუსეთი 300 თვითმფრინავს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე იყენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი სტატისტიკით ჩვენ ყოველდღიურად უკან გვიბიძგებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, უკრაინის კონტროლის ქვეშ ამჟამად არსებული ტერიტორიების დასაცავად საჭიროა, რომ უკრაინა ჭურვების რაოდენობით რუსეთს გაუტოლდეს.
„ძალიან მარტივია გეგმა, როგორ არის შესაძლებელი მტრის განადგურება. ის გასაგებია, ის არსებობს. არსებობს კონკრეტული იარაღი, რომელიც საჭიროა წინსვლისთვის, ცის გახსნისთვის. გეგმა არის და მეტიც – ეს ყველა პარტნიორს აქვს. ეს არის იმის გეგმა, რა გვჭირდება ტექნიკურად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეკითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ უკრაინას მდგომარეობა მომავალ წელს შეუმსუბუქდება, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელები არ ფიქრობენ შემდეგ წელზე, არამედ ფიქრობენ ხვალინდელ დღეზე.
„ჩვენ ხვალ უნდა ვიცხოვროთ. არავინ იცის, რა იქნება მომავალ წელს. ჩვენ არ ვიცით, რა მხარდაჭერა ექნება უკრაინას, რა ომები იქნება კიდევ მსოფლიოში, რა იქნება აშშ-ის კონგრესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.