ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას აქვს შესაძლო გამოსავალი რუსეთის სამ მოთხოვნაზე, პუტინმა უნდა შეწყვიტოს ულტიმატუმები და დაიწყოს დიალოგი
უკრაინას აქვს შესაძლო გამოსავალი რუსეთის სამ მოთხოვნასთან დაკავშირებით, პუტინმა უნდა შეწყვიტოს ულტიმატუმების დაყენება და დაიწყოს დიალოგი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტმა ზელენსკის ჩამოუთვალა რუსეთის მოთხოვნები, რაც მოიცავს უკრაინის მიერ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი თქმას, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დამოუკიდებლობისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინა ულტიმატუმებს არ დათანხმდება, თუმცა კიევს სამივე საკითხზე შესაძლო გამოსავალი აქვს.
„ეს არის მორიგი ულტიმატუმი. ჩვენ არ ვართ მზად ულტიმატუმზე დათანხმებისთვის, თუმცა ჩვენ გვაქვს შესაძლო გამოსავალი კრემლის სამ მოთხოვნაზე საპასუხოდ. მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა შეწყვიტოს მოთხოვნების დაყენება და დაიწყოს დიალოგი. ჩემი აზრით, ახლა პუტინი არის მოქცეული საკუთარ საინფორმაციო ვაკუუმში. ის იღებს ინფორმაციას, რომელიც რეალობას არ შეესაბამება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
„ეი-ბი-სის“ ცნობით, ინტერვიუში ზელენსკიმ დაადასტურა, რომ დასავლეთი მას უკრაინიდან უსაფრთხოდ გაყვანას სთავაზობდა, თუმცა ის აპირებს, სამშობლოში უკანასკნელ წუთამდე დარჩეს.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ არ იცის, რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევას.
„ერთ უკრაინელ ჯარისკაცზე მოდის 10 რუსი სამხედრო მოსამსახურე, ერთ უკრაინულ ტანკზე მოდის 50 რუსული ტანკი, მაგრამ ჩვენ მათ ვანადგურებთ და ეს სხვაობა მცირდება. ახლა ისმის კითხვა, რამდენ ხანს შევძლებთ გაძლებას. ბევრი რამ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ჩვენს ყველა ქალაქში შემოვლენ, იქნება პარტიზანული ომი და არავინ დათმობს უკრაინის დამოუკიდებლობას. დღეს ომი უკრაინაშია, ხვალ იქნება ლიეტუვაში, შემდეგ პოლონეთსა და გერმანიაში. ეს სერიოზულია. აშშ შორს არის, თუმცა ბოლო დღეებში ვგრძნობ, რომ ის უფრო ახლოს არის უკრაინასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ინტერვიუს დროს ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, შეაჩეროს ომი უკრაინაში.
„პუტინს აქვს შესაძლებლობა, შეწყვიტოს ეს ომი, რომელიც მან თავად წამოიწყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰგონია, რომ ომი მას არ დაუწყია, მან უნდა იცოდეს ერთი მნიშვნელოვანი რამ – მას შეუძლია ომის შეჩერება. მივმართე არაერთ დასავლელ ლიდერს და ვუთხარი, რომ ეს ომი გადაიზრდება მსოფლიო ომში, ამიტომ ის უნდა შეჩერდეს ახლა“, – განაცხადა ზელენსკიმ.