ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ არ გააფრთხილა მსოფლიო კურსკის ოლქში შეტევის შესახებ, რადგან ეს, შესაძლოა, არარეალურად ჩანდა
უკრაინამ არ გააფრთხილა მსოფლიო კურსკის ოლქში შეტევის შესახებ, რადგან ეს, შესაძლოა, არარეალურად ჩანდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ბევრს რომ გაეგო, კურსკის ოლქში მსგავს ოპერაციას ვგეგმავდით, იტყოდნენ, ეს არარეალურია და ყველაზე წითელ ხაზს კვეთდა იმ წითელ ხაზებს შორის, რომლებიც რუსეთს აქვს დაწესებული. სწორედ ამიტომ არავის სმენია ჩვენი მომზადების შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, ახლა მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ცვლილებები ხდება და „წითელი ხაზების ყველა ცნება ამ დღეებში, ზოგიერთი პარტნიორის შეფასებით, სადღაც სუჯის მახლობლად დაინგრა“.
რაც შეეხება ვითარებას კურსკის ოლქში, ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტს და 92 დასახლებას აკონტროლებენ.
„უკრაინელი მებრძოლები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.