„უნიანი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, აწარმოოს დიალოგი რუსეთთან დონეცკის, ლუგანსკის ოკუპირებულ ოლქებთან და ყირიმთან მიმართებაში, თუმცა კაპიტულაციისთვის მზად არ არის
უკრაინა მზადაა, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აწარმოოს დიალოგი რუსეთთან დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ოლქებთან და ყირიმთან მიმართებაში, თუმცა კაპიტულაციისთვის მზად არ არის. „უნიანის“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეი-ბი-სი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებებში კომპრომისის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
როგორც „უნიანი“ წერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებზე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, კომპრომისი შესაძლებელია.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორ იცხოვრებენ იქ ადამიანები, რომლებსაც სურთ უკრაინის შემადგენლობაში ყოფნა. მაინტერესებს, რაზე ფიქრობენ ისინი, ვინც რუსეთის მოქალაქედ მიიჩნევს თავს. ისევე როგორც კომპრომისები ყირიმის საკითხზე. ჩვენ არ შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა. ვფიქრობ, ჩვენ საკმარისად ჭკვიანები ვართ, რომ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებმა არ გამოიწვიოს რაიმე სახის რევოლუციები საზოგადოებაში, რათა ამ გადაწყვეტილებებით კმაყოფილი დარჩეს ხალხი. ისინი, ვინც იმ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და ისინიც, ვინც უკრაინაში ცხოვრობს. ხალხი, რომელმაც მე ამირჩია, კაპიტულაციისთვის მზად არ არის. ჩვენ მზად არ ვართ ულტიმატუმებისთვის, თუმცა ჩვენ შეგვიძლია დისკუსია რუსეთთან ყირიმისა და დონბასის მომავალთან მიმართებაში“, – აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკის განმარტებით, ამ საკითხების გადასაჭრელად ვლადიმერ პუტინმა პირდაპირი დიალოგის წარმოება უნდა დაიწყოს.
„მე არაერთხელ ვთქვი და გავაჟღერე საჯაროდ მესიჯები რუსეთისა და პრეზიდენტ პუტინისთვის. ჩვენ მზად ვართ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტიებისთვის შესაბამისი სახელმწიფოებისგან, რომლებმაც ეს გარანტიები უნდა გასცენ. და რუსეთი ასეთ სახელმწიფოთა შორისაა, რადგან რუსეთი ჩვენი მეზობელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.