ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ცის დაცვას სრულად მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ გაუქმდება
უკრაინა ცის დაცვას სრულად მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ გაუქმდება, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაზე ირანული დრონებით შეტევა განხორციელდა. იმის მიუხედავად, რომ უკრაინის ძალებმა დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს, დარტყმებს მსხვერპლი მაინც მოჰყვა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას სჭირდება თანამედროვე ავიაცია, რათა საჰაერო თავდაცვა სრულფასოვანი გახდეს.
„დღე დაიწყო ირანული დრონებიდან თავდასხმით. მათი უმეტესობის ჩამოგდება შევძელით, 14-დან 11-ის. სამწუხაროდ, იყო მსხვერპლიც. დაშავდა ხმელნიცკში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამი თანამშრომელი, ორი დაიღუპა. ჩემი სამძიმარი ოჯახებს. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამიტომ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის საავიაციო კომპონენტი – თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები, რათა შევძლოთ რუსული ტერორისგან ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საჰაერო თავდაცვა სრულფასოვანია მაშინ, როდესაც მას უზრუნველყოფს თანამედროვე ავიაციაც. ჩვენი მფრინავები ჩვენს მეზენიტეებთან, ყველა მეომართან და საჰაერო თავდაცვის ძალების ყველა სპეციალისტთან ერთად უკვე აკეთებენ დიდ საქმეს, თუმცა ცის მთლიანად დაცვას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც გაუქმდება ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ“, – აცხადებს ზელენსკი.