ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არ ითხოვს დათმობებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად და ასრულებს ევროკომისიის მიერ კიევისთვის მიცემულ ყველა რეკომენდაციას
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არ ითხოვს დათმობებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად და ასრულებს ევროკომისიის მიერ კიევისთვის მიცემულ ყველა რეკომენდაციას

უკრაინა არ ითხოვს დათმობებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად და ასრულებს ევროკომისიის მიერ კიევისთვის მიცემულ ყველა რეკომენდაციას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, კიევმა შეასრულა რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, რაც ეხება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებათა დაცვას, სამთავრობო ინსტიტუტების მუშაობაში უფრო მეტ გამჭვირვალობას, ასევე კორუფციას.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ემზადება ლობირების შესახებ კანონის მისაღებად, რომელიც გამჭვირვალობას შემატებს პოლიტიკურ პროცესებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპისა და ჩვენი სხვა პარტნიორების მხარდაჭერა იყოს სტაბილური და საიმედო. ეს ეხება როგორც თავდაცვას, ასევე ფინანსურ მხარდაჭერას. რუსეთის ფედერაციამ უნდა დაინახოს, რომ მსოფლიო უკან არ დაიხევს, დაიცავს თავისუფლებას და საერთაშორისო კანონს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.