ვოლოდიმირ ზელენსკი - ტირანია უნდა დამარცხდეს, ამისთვის თავისუფლებას იარაღი უნდა ჰქონდეს
ტირანია უნდა დამარცხდეს, ამისთვის თავისუფლებას იარაღი უნდა ჰქონდეს, – აღნიშნული სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ნიდერლანდების პარლამენტს მიმართა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდებს მოუწოდა, გააკეთოს უფრო მეტი, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად, კერძოდ მიაწოდოს მეტი იარაღი და მეტი სანქციები დაუწესონ რუსეთს.
„დახურეთ თქვენი პორტები, შეაჩერეთ ყოველგვარი ვაჭრობა, მოემზადეთ, რომ რაც შეიძლება მალე თქვათ უარი რუსეთის ენერგორესურსებზე, რათა მიღებული მილიარდობით ევრო არ დაიხარჯოს იარაღის წარმოებაზე. ჰოლანდიელებო, ტირანია უნდა დამარცხდეს, ტირანია ყოველთვის უნდა დამარცხდეს. ეს რომ მოხდეს, თავისუფლებას უნდა ჰქონდეს ყველა ის იარაღი, რომელიც დაცვისთვის არის საჭირო, იარაღი, რომელიც კონტინენტზეა, რომელიც თქვენ გაქვთ. უკრაინა მადლობას გიხდით უკვე მიღებული მხარდაჭერისთვის, მაგრამ ომი იმდენად ინტენსიურია, რუსული ჯარები იმდენად აქტიურები არიან, რომ ჩვენ მეტი გვჭირდება. სტინგერები გაძლების, ბრძოლის საშუალებას მოგვცემს, მაგრამ ეს არ არის გამარჯვების იარაღი. ჩვენ ძალიან გვჭირდება იარაღი, რომელსაც შეუძლია, ჩვენი ცა უსაფრთხო გახადოს, ჩვენი ქალაქების დებლოკადა მოახდინოს, სადაც რუსეთი აწყობს ხელოვნურ შიმშილს. ჩვენ გვჭირდება იარაღი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, განდევნოს დამპყრობლები – თვითმფრინავები, ტანკები, საჰაერო თავდაცვა და ა.შ. თქვენ გაქვთ ეს სია და იმედი მაქვს, იპოვით შესაძლებლობას, დაგვეხმაროთ ამაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეოჩართვისას ისაუბრა იმ საშინელებებზე, რასაც რუსი სამხედროები ჩადიან უკრაინაში.
„რუსეთს სურს აგრესიის გადატანა ევროპაში. უკრაინა მხოლოდ დასაწყისი იქნება, თუ რუსეთს არ შევაჩერებთ, არ შევაჩერებთ ახლავე. 36 დღეა, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი ებრძვის ჯარს, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერს უწოდებდნენ მრავალი ქვეყნისთვის უკრაინის ომი უკვე რუტინად იქცა, მაგრამ ჩვენ ახლა იმ მომენტში ვართ, როდესაც უნდა ვიმოქმედოთ კიდევ უფრო მძლავრად, ვიდრე ომის პირველ თვეს. ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს ომი კიდევ 36 დღე გაგრძელდეს. ჩვენ ერთად უნდა ვაიძულოთ რუსეთი, ეძიოს მშვიდობა,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს ათასობით უკრაინელი ბავშვი და ათიათასობით ზრდასრული იძულებით გადაიყვანეს ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე. მისივე თქმით, უკრაინამ არაფერი იცის მათი ბედის შესახებ, მისცემს თუ არა რუსეთი ამ ბავშვებს და ხალხს უკან დაბრუნების საშუალებას.