ვოლოდიმირ ზელენსკი - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია, რომლის შემდეგაც ისტორიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება
ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლის შემდეგაც ისტორიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ვიდეომიმართვაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.
„ტერორისტული სახელმწიფოს ხელმძღვანელი და კიდევ ერთი რუსი მაღალჩინოსანი ოფიციალურად გახდნენ ომის დანაშაულის ეჭვმიტანილები. შეუძლებელი იქნებოდა, ასეთი კრიმინალური ოპერაციების ჩატარება სახელმწიფოს ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე. ბავშვების დაშორება ოჯახებთან, მათი გადამალვა და რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანა, მათთვის ოჯახის წევრებთან დაკონტაქტების უფლების შეზღუდვა – ეს ყველაფერი რუსეთის პოლიტიკაა, ბოროტი სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც სწორედ მისი მეთაურიდან მოდის. მადლიერი ვარ პროკურორ კარიმ ხანის და საერთაშორისო სისხლის სასამართლოს, ყველასი, ვინც გვეხმარება სამართლიანობისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.