ვოლოდიმირ ზელენსკი - შეიარაღებულ ძალებში ცვლილებებს ველოდები, საჭიროა ლოგისტიკის პრობლემების გადაჭრა, აუცილებელია როტაციები
ვოლოდიმირ ზელენსკი - შეიარაღებულ ძალებში ცვლილებებს ველოდები, საჭიროა ლოგისტიკის პრობლემების გადაჭრა, აუცილებელია როტაციები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა ცვლილებები, რომლებსაც შეიარაღებულ ძალებში ელოდება. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა მას შემდეგ, რაც შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე გენერალ ვალერი ზალუჟნის გათავისუფლების შესახებ განაცხადა.

„უახლოეს მომავალში ველოდები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ასეთ ცვლილებებს – მაგიდაზე უნდა გაჩნდეს 2024 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედების რეალისტური, დეტალური გეგმა, ბრძოლის ველზე ახლა არსებული რეალური სიტუაციისა და პერსპექტივების გათვალისწინებით. მოწინავე ხაზზე ყველა საბრძოლო ბრიგადამ უნდა მიიღოს ეფექტიანი დასავლური იარაღი. უნდა მოხდეს ასეთი იარაღის სამართლიანი გადანაწილება ფრონტის წინა ხაზის სასარგებლოდ. საჭიროა ლოგისტიკის პრობლემების გადაჭრა. ავდეევკა არ უნდა იცდიდეს, ვიდრე გენერლები გაარკვევენ, რომელ საწყობებში გაეჭედათ დრონები. ყველა გენერალმა უნდა იცოდეს ფრონტი, თუ გენერალმა არ იცის ფრონტი, ის არ ემსახურება უკრაინას. უნდა გამოსწორდეს შტაბებში კადრების გადაჭარბებული და გაუმართლებელი რაოდენობა. არმიაში უნდა ჩამოყალიბდეს ქმედითი როტაციული სისტემა. საფუძვლად შეიძლება გამოყენებული იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული საბრძოლო ბრიგადების და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფების გამოცდილება, სადაც არსებობს ასეთი სისტემა. როტაციები აუცილებელია. საჭიროა სამხედროების მომზადების ხარისხის აშკარა ამაღლება – მხოლოდ მომზადებული ჯარისკაცები წინა ხაზზე. შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში იქმნება ძალების ახალი სახეობა, უპილოტო სისტემების ძალები. უნდა დაინიშნოს პირველი მეთაური“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი განახლებულ გუნდს უახლოეს დღეებში წარადგენს.

„2024 წელი შეიძლება, წარმატებული გახდეს უკრაინისთვის მხოლოდ ჩვენი თავდაცვის საფუძველში ეფექტიანი ცვლილებების პირობებში. ჩვენ, ყველა ვამაყობთ ჩვენი არმიით და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ უკრაინის არმია გახდეს გამარჯვებული არმია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.