ვოლოდიმირ ზელენსკი - სასწრაფოდ გვჭირდება შორი მოქმედების იარაღი, „პეტრიოტის“ სისტემები და რაკეტები, მათ ნამდვილად შეუძლიათ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რამშტაინის“ ფორმატით შეხვედრაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, საჰაერო თავდაცვა და არტილერია სასიცოცხლო პრიორიტეტად დაასახელა, რაც უკრაინას მოკავშირეებისგან სჭირდება.
უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა, რომ სიტუაციის შემდგომი განვითარება ფრონტზე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იმოქმედებენ უკრაინა და მისი მოკავშირეები და შესრულდება თუ არა შეთანხმებები.
უკრაინის პრეზიდენტმა პრიორიტეტად ასევე დაასახელა შეიარაღების წარმოება როგორც პარტნიორ ქვეყნებში, ასევე თავად უკრაინაში.
„მიუხედავად იმისა, რომ ექვსი თვის განმავლობაში, ვიდრე ჩვენ ველოდით ამერიკის დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას, რუსეთის არმიამ მოახერხა ინიციატივის ხელში ჩაგდება ბრძოლის ველზე, ჩვენ მაინც შეგვიძლია არა მხოლოდ ფრონტის სტაბილიზაცია, არამედ წინსვლა, ომში უკრაინის მიზნების მიღწევა. პირველ რიგში, საჭიროა შორი მოქმედების იარაღი, რომ ოკუპირებული ტერიტორიის არცერთი კუთხე არ იყოს უსაფრთხო ადგილი ოკუპანტისთვის. წელს რუსულმა თვითმფრინავებმა უკვე გამოიყენეს ცხრა ათასზე მეტი მართვადი ავიაბომბი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობები, რომ ჩამოვაგდოთ მათი საბრძოლო თვითმფრინავები, რათა ვერ მიუახლოვდნენ ჩვენს პოზიციებს და საზღვრებს. ეს შესაძლებელია. ისევე როგორც შესაძლებელია უკრაინის ქალაქების დაცვა რუსული რაკეტებისგან. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება „პეტრიოტის“ სისტემები და რაკეტები მათთვის. უკრაინას სჭირდება, სულ მცირე, შვიდი ასეთი სისტემა. თქვენ გაქვთ ეს სისტემები და მათ ნამდვილად შეუძლიათ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„რამშტაინის“ ფორმატით შეხვედრის დასრულების შემდეგ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, ლუდვინ დოდონდერმა განაცხადა, რომ ბელგია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებს გადასცემს და გამოყოფს 200 მილიონ ევროს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისთვის მიზნით გერმანიის ინიციატივაში მონაწილეობისთვის.
„რამშტანის“ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთი უკრაინას „პეტრიოტის“ სისტემების რაკეტებს გადასცემს.