ვოლოდიმირ ზელენსკი - სამწუხაროდ, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უნარი, მოიპოვოს კრიტიკული კომპონენტები რაკეტების წარმოებისთვის, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიბლოკოს მათი მიწოდება ტერორისტებისთვის
პარტნიორებთან ერთად, რუსული ტერორი ფიზიკურად შეუძლებელი უნდა გავხადოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე ბოლო დარტყმის შემდეგ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც პარტნიორებთან ერთად უნდა გადაიდგას, რათა რუსეთმა ვეღარ შეძლოს უკრაინის ფიზიკური ტერორი.
„პირველ რიგში, ქვეყანას სჭირდება საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე თანამედროვე გამანადგურებლები, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებს ტერორისტული სახელმწიფო, რომ მშვიდობა ყველა უკრაინელისთვის არის და რუსეთს, დამარცხების გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მეორე პრობლემა არის ტერორისტული სახელმწიფოს მიერ ახალი რაკეტების წარმოება.
„სამწუხაროდ, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უნარი, მოიპოვოს კრიტიკული კომპონენტები რაკეტების წარმოებისთვის, რომლებსაც ქმნიან კომპანიები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის კომპანიები, შემდეგ კი ეს კომპონენტები რუსეთს სხვადასხვა გზით მიეწოდება. მაგალითად, თუ ავიღებთ დღეს ერთ-ერთ რაკეტას, რომელიც დღეს ქალაქ კრივი-რიჰში ჩამოვარდა, მასში შემავალი 50-მდე კომპონენტი სხვადასხვა ქვეყანაშია წარმოებული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ სანქციები დაუწესა რუსეთის ყველა კომპანიას, რომლებიც რაკეტებს აწარმოებენ.
„ვინმე თუ მოქმედებს, როგორც შუამავალი ან იმოქმედებს რუსეთთან ერთად, რათა ტერორისტებმა გააგრძელონ საცხოვრებელი შენობების აფეთქება და ადამიანების მკვლელობა, მაშინ ასეთი სუბიექტები, ბიზნესი თუ სახელმწიფო იმსახურებს მსოფლიოსგან შესაბამის რეაქციას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიბლოკოს კომპონენტების მიწოდება ტერორისტებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.