ვოლოდიმირ ზელენსკი - სად არის უსაფრთხოება, სად არის მშვიდობა, სად არის ის გარანტიები, რომელიც გაერო-მ უნდა უზრუნველყოს
არ დარჩენილა დანაშაული, რომელიც რუსებმა ბუჩაში არ ჩაიდინეს, – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
ზელენსკი გაერო-ს სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაერთო.
„გუშინ დავბრუნდი კიევთან მდებარე ბუჩადან, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან. არ დარჩენილა დანაშაული, რომელიც იქ მათ არ ჩაიდინეს. რუსული შეიარაღებული ძალები ეძებდნენ და გამიზნულად კლავდნენ ნებისმიერს, ვინც ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდა. მათ მოკლეს ქალები საცხოვრებელ სახლებთან, როდესაც ისინი გადარჩენილებს ეძებდნენ. მათ დახოცეს ოჯახები, ზრდასრულები და ბავშვები, შემდეგ კი ცხედრების დაწვას ცდილობდნენ. მოგმართავთ იმ ხალხის სახელით, რომლებიც პატივს მიაგებენ გარდაცვლილებს, იმ მშვიდობიანი მოქალაქეების სახელით, ვინც დაიღუპა, წამების შემდეგ კეფაში ესროლეს, ზოგიერთი მათგანი ქუჩაში ჩაცხრილეს, ზოგი ჭაში ჩააგდეს, ისინი წამებით დაიღუპნენ. ისინი მოკლეს სახლებში, ყუმბარების აფეთქებისას, მშვიდობიან მოქალაქეებს თავიანთი სიამოვნებისთვის, ტანკებით გადაუარეს, როდესაც ისინი მანქანით გადაადგილდებოდნენ. მათ მოკვეთეს კიდურები, გამოჭრეს ყელი, ქალები გააუპატიურეს და მოკლეს მათი შვილების თვალწინ. ეს არ განსხვავდება სხვა ტერორისტებისგან, როგორიცაა დაეში, რომელმაც გარკვეული ტერიტორია დაიკავა. აქ კი ამას ახორციელებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები დაადანაშაულებენ ყველას, რათა გაამართლონ თავიანთი ქმედებები.
„ისინი იტყვიან, რომ არსებობს სხვადასხვა ვერსიები, შეუძლებელია დადგინდეს, რომელია ამ ვერსიებიდან სიმართლე. ისინი იმასაც იტყვიან, რომ ცხედრები სავარაუდოდ გადაყარეს და ვიდეოები დადგმულია, თუმცა ახლა 2022 წელია. ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულებები, არსებობს სატელიტური ფოტოები, რომლებიც მომხდარს ასახავს, ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ სრული და გამჭვირვალე გამოძიება“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს წევრებს, ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ და სამხედრო დამნაშავეებად გასამართლდნენ რუსული შეიარაღებული ძალების ის წევრები, რომლებმაც გასცეს განკარგულება და შეასრულეს ბრძანება უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად ისე, როგორც ეს ნიურნბერგის პროცესის დროს მოხდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
„მაქსიმალური წვდომა ჟურნალისტებისთვის, მაქსიმალური თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩართულობა, სრული პასუხისმგებლობა. დარწმუნებული ვარ, გაერო-ს თითოეული წევრი დაინტერესებული უნდა იყოს ამით. რისთვის? რათა ერთხელ და სამუდამოდ დაისაჯონ ისინი, ვინც პრივილეგირებულად მიიჩნევს თავს და მიაჩნიათ, რომ ყველაფერი გაუვათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის.
„სად არის უსაფრთხოება, რომლის გარანტიაც უშიშროების საბჭომ უნდა უზრუნველყოს, სად არის მშვიდობა? სად არის ის გარანტიები, რომელიც გაერო-მ უნდა უზრუნველყოს?“, – აღნიშნა ზელენსკიმ.