ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული ოკუპაცია, ეს ჭრილობა რჩება ქართული სახელმწიფოს სხეულზე, უკრაინა როდესაც ომს მოიგებს, გადაარჩენს სხვა ქვეყნებს იმისგან, რასაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა გავდივართ
7 აგვისტო, ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიო იხსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის გამარჯვება ამ ომში გულისხმობს სხვა ქვეყნების გადარჩენას იმისგან, რასაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა გადიან. მან ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვიან.
„15 წელი გავიდა. რუსული ოკუპაცია რჩება, ეს ჭრილობა ქართული სახელმწიფოს სხეულზე რჩება. უკვე ბევრი სიტყვა ითქვა, რომ 2008 წელს მსოფლიო პრინციპული რომ ყოფილიყო, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. მაშინ უკვე რუსეთს უნდა გაეცნობიერებინა, რომ აგრესორი აგრესიაში ყველაზე დიდ ფასს იხდის. ეს აუცილებლად უნდა გააცნობიეროს ახლა. როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიული მადის გაფართოებას, არამედ გადაარჩენს სხვა ქვეყნებს იმისგან, რასაც ჩვენ გავდივართ – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ჩვენი გამარჯვება ყველას დაუბრუნებს ნორმალურობას. ეს დაასრულებს რუსეთის ოკუპაციას. უკრაინელები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ჩვენთან ერთად იცავს თავისუფლებას, განსაკუთრებით მათ, ვინც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვიან. გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს უკრაინა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.