ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელია, იერუსალიმში ჩატარებულიყო
რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელია, იერუსალიმში ჩატარებულიყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ნებისმიერი სახელმწიფოს შუამდგომლობას მიესალმება, თუმცა ფიქრობს, რომ ისრაელი ამ როლს კარგად შეასრულებდა.
„რაც შეეხება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბატონი ნაფტალი ბენეტის შუამდგომლობას, მე პირადად ძალიან დადებითად ვუყურებ მედიატორის როლს. ვფიქრობ, რომ ბატონი ბენეტი ამ როლს მოერგებოდა. პირველ რიგში კი იმიტომ, რომ ისრაელი თავისი ისტორიული პარალელებით გამორჩეული ქვეყანაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმის ზელენსკიმ ასევე განმარტა, რომ ნაფტალი ბენეტთან საუბრისას მან სურვილი გამოთქვა ისრაელში შეხვედრის შესახებ.
„მე მას ვუთხარი, რომ დღეს არასწორი იქნებოდა რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა რუსეთში, ბელარუსში ან უკრაინაში. იქნებოდა თუ არა იერუსალიმი ამისთვის შესაფერისი ადგილი? დიახ, ვფიქრობ, რომ კი და მას ეს ვუთხარი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.