ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს არ აქვს ისეთი რაკეტები, რომლებიც მოხვდება უკრაინის სიცოცხლის სურვილს, რუსეთი ვერ დაიპყრობს უკრაინას ვერც არმიით და ვერც ტერორით
რუსეთს არ აქვს ისეთი რაკეტები, რომლებიც მოხვდება უკრაინის სიცოცხლის სურვილს, რუსეთი ვერ დაიპყრობს უკრაინას ვერც არმიით და ვერც ტერორით,- ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდოემიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში წყლისა და ენერგომომარაგების აღსადგენად. ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა კიდევ უფრო გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას.
„დღეს ძალიან კარგად იმუშავებს ჩვენმა საჰაერო ძალებმა და ყველამ, ვინც ჩართულია ცის დაცვაში. ტერორისტების მიერ სამიზნეებად განსაზღვრული ობიექტების უმეტესობის გადარჩენა მოხერხდა. მხოლოდ ამ დილით ტერორისტებმა მასირებული დარტყმისთვის 55 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს, საიდანაც 45 ჩამოგდებულია. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვას. თუმცა ახლაც ტერორისტებს უწევთ სულ მცირე ოთხჯერ მეტი რაკეტის დახარჯვა, რათა მიზანს მოახვედრონ. კიდევ უფრო ცუდი მაჩვენებელია დრონებთან დაკავშირებით, მათ შორის ირანიდან მათი მოკავშირეების მიერ მიწოდებულ დრონებთან. ამას ხედავს მსოფლიო. ვხედავთ, რომ „მსოფლიოს მეორე არმია“ უკვე თავისი ეფექტიანობით ოცდამეორეც აღარ არის. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან მეორე ასეულში გადაინაცვლოს. ეს ასე იქნება. რუს ტერორისტებს არ აქვთ ისეთი რაკეტები, რომლებიც მოხვდება უკრაინის სიცოცხლის, ცივილიზებულად ცხოვრების და ერთმანეთზე ზრუნვის სურვილს. ვერც არმიით, ვერც ტერორით რუსეთი ვერ დაიპყრობს უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინული ენერგოობიექტების წინააღმდეგ ტერორი და რუსეთის მცდელობა, გაამწვავოს გლობალური სასურსათო კრიზისი არის აშკარა მტკიცებულებები, რომ რუსეთი მომავალშიც დაუპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოებას. ამიტომ, ზელენსკის თქმით, რუსეთის ადგილი არ არის გაერო-ს უშიშროების საბჭოში და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებში.