ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაა საჭირო, რათა შესუსტდეს ომის წარმოების კუთხით მოსკოვის შესაძლებლობები
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტს მიმართა, გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა შესუსტდეს მოსკოვის შესაძლებლობები ომის წარმოების კუთხით.
ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-1000 დღესთან დაკავშირებით ევროპარლამენტის სხდომაზე ვიდეომიმართვის დროს თქვა.
უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ ომის დასასრულებლად.
„რუსეთის მხრიდან თითოეულ დარტყმას და თითოეულ საფრთხეს მკაცრი სანქციები უნდა მოჰყვეს. უკვე ათასი დღეა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადიკალურად შემცირდეს ომის წარმოების კუთხით რუსეთის შესაძლებლობები ნავთობის გაყიდვის ხარჯზე. ნავთობი – პუტინის რეჟიმისთვის სიცოცხლის ძალაა. ტანკერების ჩრდილოვანი ფლოტი კი არის ის, რაც მის სიცოცხლისუნარიანობას ახანგრძლივებს. ვიდრე ეს ტანკერები მუშაობენ, პუტინი განაგრძობს მკვლელობებს. მინდა, მოგიწოდოთ, არ დაგავიწყდეთ, რაზეა საუბარი და რა დგას სასწორზე. ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ რუსეთი, წავიდეს სამართლიან, რეალურ მშვიდობაზე. ვაგრძელებთ მშვიდობის ფორმულას და მადლობა თითოეულ პარტნიორს ევროპაში, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ფორმულას. უნდა ვუბიძგოთ რუსეთს სამართლიანობისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.