ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ენერგეტიკული ტერორის გაძლება ჩვენი ეროვნული ამოცანაა
რუსეთის ენერგეტიკული ტერორის გაძლება ჩვენი ეროვნული ამოცანაა, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. მისი თქმით, რუსეთს არ შეუძლია უკრაინის ბრძოლის ველზე დამარცხება და ამიტომ ცდილობს, უკრაინელი ხალხის სულისკვეთება გატეხოს.
„რუსეთის ენერგოტერორის გაძლება – ჩვენი ეროვნული ამოცანაა. ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა. თავად ფაქტი, რომ რუსეთმა მიმართა ტერორს ენერგეტიკის წინააღმდეგ, მიუთითებს მტრის სისუსტეზე. მათ არ შეუძლიათ უკრაინის დამარცხება ბრძოლის ველზე და ამიტომ ცდილობენ ხალხის გატეხას – ამცირებენ უკრაინელებს, ურტყამენ ჩვენი ხალხის სულისკვეთებას, ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას. მჯერა, რომ ეს რუსეთს არ გამოუვა. ახლა მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ერთად მოქმედების უნარი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან მოუწოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გააკონტროლონ, რომ ელექტროენერგია ტყუილუბრალოდ არ დაიხარჯოს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ენერგოკომპანიებს, უკეთ აუხსნან მოქალაქეებს, თუ რატომ ითიშება დენი მათ ქუჩაზე და ასევე დააწესონ სამართლიანი გრაფიკი, რათა ელექტროენერგია ყველამ თანაბრად მიიღოს, ხოლო არასამართლიანი განაწილების შემთხვევები დროულად აღმოიფხვრას.
თავის გამოსვლაში უკრაინის ლიდერმა ასევე მიულოცა რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულ 107 უკრაინელს სახლებში დაბრუნება.
„გულწრფელად გახარებული ვარ, რომ კიდევ 107-მა ოჯახმა იხილა ახლობლები. მადლობა მთელ ჩვენს გუნდს. ოფისს, უსაფრთხოების სამსახურს, ომბუდსმენს… აუცილებლად დავაბრუნებთ ყველა უკრაინელს, რომლებიც რუსეთის ტყვეობაშია ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. ჩვენ გვახსოვს ყველა ჩვენი გმირი”, – განაცხადა ზელენსკიმ.