ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის აგრესიის შეჩერება შესაძლებელია, თუ უკრაინა საჭირო შეიარაღებას მიიღებს
რუსეთის აგრესიის შეჩერება შესაძლებელია, თუ უკრაინა საჭირო შეიარაღებას მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტანკების შემდეგ ქვეყანამ სამხედრო თვითმფრინავები მიიღოს.
„უკრაინის მთავარი გზავნილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშკარაა – ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რუსეთის აგრესია წლის ბოლომდე ჩამოვშალოთ. ეს შესაძლებელია, ეს აუცილებელია, მაგრამ ეს შესაძლებელია, თუ უკრაინა მიიღებს ამისთვის საჭირო იარაღს. ამიტომაც ჩვენი დიპლომატიური მარათონი უწყვეტად მიმდინარეობს.
დეკემბერში ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის შემდეგ შეიქმნა „სატანკო კოალიცია“ უკრაინისთვის. შორი მანძილის რაკეტების მიწოდებაზე ტაბუ მოხსნილია, არის ახალი მიღწევები ჩვენი არტილერიის გაძლიერებაში და მსოფლიომ უკვე გაიგო, რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, უკრაინისთვის „საავიაციო კოალიციის“ შექმნა.
უკრაინის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ეფუძნება პატივისცემას ყველას მიმართ, ვინც საერთაშორისო ურთიერთობების მხარეა. ყველა ერი თანასწორია და იმსახურებს დამოუკიდებელ ცხოვრებას, მშვიდობიან თანამშრომლობას სხვა ერებთან. ჩვენს ასეთ მიდგომას მსოფლიოს ყველა კუთხეში გაგებით ეკიდებიან. მადლობას ვუხდი თითოეულ სახელმწიფოს და ყველა ხალხს, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ძალისხმევას საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.