ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ატერორებს უკრაინელ ხალხს, ჩვენ ვიცით, ვინ ხუჭავს თვალს, ვის არ სურს, დაინახოს რუსეთის სამხედრო დანაშაული
რუსეთი უკრაინის მიწაზე ტერორს ახორციელებს. 100 ათასამდე ადამიანი მარიუპოლში, სადაც უმძიმესი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, საკვების გარეშეა დარჩენილი, ვიღაცები კი ამ დროს შეგნებულად არ იმჩნევენ, რა ხდება უკრაინაში, რადგან ურჩევნიათ, რეალობას თვალი აარიდონ და რუსულ ფულზე უარი არ თქვან, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს.
მან ფრანგ პარლამენტარებს უთხრა, რომ ამ ომის დასრულების გასაღები ნაწილობრივ პარტნიორების ხელშიცაა, რადგან რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს.
„იცით ახლა რა ხდება მარიუპოლსა და უკრაინის სხვა ქალაქებში? რუსებმა დაბომბეს საავადმყოფოები, დასახლებული კორპუსები, სამშობიარო, სადაც მშობიარე ქალები და ახალშობილები იმყოფებოდნენ. საავადმყოფოში ერთი ქალი იყო, რომელსაც კიდურების ამპუტაცია ჩაუტარდა, მისი შვილი დაბადებამდე დაიღუპა. ეს ქალიც ცოტა ხანში გარდაიცვალა, სიკვდილამდე კი ექიმს უთხრა, ჩემს სიცოცხლეს რა აზრი აქვს, თუ ჩემი შვილი ცოცხალი აღარააო. ასე ატერორებს რუსეთი უკრაინელ ხალხს და ჩვენ ვიცით, ვინ ხუჭავს თვალს ამ დანაშაულზე, ვიცით, ვის არ სურს, დაინახოს რუსეთის სამხედრო დანაშაული“, – განაცხადა ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტში.