ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი არ გაჩერდებოდა უკრაინის საზღვრებზე, ჩვენ რომ არ გაგვეჩერებინა, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, მოლდოვა, საქართველო, ყაზახეთი
რუსეთი არ გაჩერდებოდა უკრაინის საზღვრებზე. ჩვენ რომ არ გაგვეჩერებინა, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ სხვა სახელმწიფოები – ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, მოლდოვა, საქართველო, ყაზახეთი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი წავა ნებისმიერ სიველურეზე, ოღონდ გააფართოვოს კონტროლის ზონა.
„რუსეთი არ გაჩერდებოდა ჩვენს საზღვრებზე, ჩვენ რომ არ გაგვეჩერებინა, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ სხვა სახელმწიფოები – ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, მოლდოვა, საქართველო, ყაზახეთი… რუსეთი პრეტენზიას აცხადებდა ევროპისა და აზიის სხვადასხვა ერის დაპყრობაზე. პრეტენზიას აცხადებდა ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ. ეს დანაშაულებრივი ამბიცია ტყდება უკრაინაში. ის გატყდა კიევთან და ჩერნიგოვთან. აზოვსტალში. სუმისა და ხარკოვის ოლქებში, ზმეინის კუნძულზე. ის გატყდება დონბასში და უკრაინის სამხრეთში, როდესაც მათ გავათავისუფლებთ, აუცილებლად – ყირიმში, თავისუფალ უკრაინულ ყირიმში. ჩვენი სახელმწიფოს მთელი ტერიტორია გათავისუფლდება ამ მტრისგან – არა მხოლოდ უკრაინის მტრისგან, არამედ მთელი სიცოცხლის, კაცობრიობის, კანონისა და სიმართლის მტრისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთი გრძნობს უკრაინის სიძლიერეს, სწორედ ამიტომ ჩქარობს და აწყობს ანექსიის მცდელობის ფარსს.
„ცდილობს მოიპაროს, რაც მას არ ეკუთვნის. სურს, მკვლელობებით, დამცირებებით, შანტაჟით და ტყუილით გადაწეროს ისტორია და გადახატოს საზღვრები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.