ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი აგრძელებს ათობით კრიტიკული კომპონენტის გამოყენებას რაკეტების წარმოებისთვის, ამიტომ საჭიროა აქტიური რეაგირება სანქციებით
რუსეთი აგრძელებს ათობით კრიტიკული კომპონენტის გამოყენებას რაკეტების წარმოებისთვის, ამიტომ საჭიროა აქტიური რეაგირება სანქციებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თაობაზე – მათი სრული ეფექტით გამოყენებაზე. ყველა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა გააქტიურდეს, რათა ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად რეაგირებდნენ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევაზე. ყველა რუსული რაკეტა შეიცავს ათობით მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლებიც დამზადებულია საზღვარგარეთ, ბევრი მათგანი – თავისუფალი მსოფლიოს კომპანიების მიერ“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსენება მიიღო საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსისგან, ალექსანდრ ლიტვინენკოსგან, რომელმაც კონკრეტული ფაქტები წარადგინა.
„აქედან გამომდინარე, რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების ბლოკირება, ფაქტობრივად, ტერორის ბლოკირებაა. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვისაც ეს ესმის და ყველასი მთელ მსოფლიოში, ვინც გვეხმარება შესაბამის სამუშაოებში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.