ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი იმსახურებს სასჯელს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, დარწმუნებული ვარ, ამას ვიხილავთ, როცა გავიმარჯვებთ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის უნდა გასამართლდეს. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ჰააგაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ ახლა თქვენს ძლიერ ქვეყანაში ვიმყოფები, თავისუფლებისა და სამართლიანობის ქვეყანაში, რაც უნივერსალური ღირებულებებია. რა თქმა უნდა, აქ, ჰააგაში ყველას გვინდა, ვიხილოთ სხვა ვლადიმერი. ის იმსახურებს სასჯელს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სწორედ საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ვიხილავთ, როცა გავიმარჯვებთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამართლის აღსრულება იქნება გამარჯვება. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არ დაუშვებს „ჰიბრიდულ იმუნიტეტს“ სამხედრო დამნაშავეებისთვის ან ჰიბრიდულ მშვიდობას ფრონტზე სამხედრო მოქმედებების შეწყვეტით.
„მხოლოდ ნამდვილი მშვიდობა, ნამდვილი თავისუფლება, ნამდვილი სამართლიანობა. ეს არის სწორედ ის, რაც ახლა გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი მარტში გასცა. ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტესაც, რომელსაც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსგან დამოუკიდებელი ომის დანაშაულებების ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდა.