ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ღიად ამბობს, რა სურს და ვინ არის მისი სამიზნე, ის არ შეიცვლება, ჩვენ უნდა შევიცვალოთ, რომ ამ კაცის ან ნებისმიერი აგრესორის თავში არსებულმა სიგიჟემ არ გაიმარჯვოს
პუტინი ღიად ამბობს, რა სურს, რას აკეთებს და ვინ არის მისი სამიზნე. პუტინის პასუხი ყოველთვის არის ომი, ის არ შეიცვლება, ჩვენ უნდა შევიცვალოთ, რომ ამ კაცის ან ნებისმიერი აგრესორის თავში არსებულმა სიგიჟემ არ გაიმარჯვოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინს სიამოვნებს კონფლიქტები, რომლებიც იწვევს სხვების ტანჯვას.
„ევროპაში ფართომასშტაბური ომი თითქმის ორი წელი გრძელდება. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის პერიოდს, თითქმის 10 წელია და ასევე თითქმის 10 წელია, რუსეთი ერევა აფრიკულ ქვეყნებში სუდანიდან მალიმდე. თითქმის 13 წელია, გრძელდება სირიის სისხლისმღვრელი ომი პუტინის გადაწყვეტილების გამო, რაღაც დაუმტკიცოს მსოფლიოს. ფაქტობრივად, ერთმა ადამიანმა მოიპარა მშვიდობის, სულ მცირე, 13 წელი და ჩაანაცვლა ის ტკივილით და კრიზისით, რომელიც აისახება მთელ მსოფლიოზე. ფაქტობრივად, პუტინი განასახიერებს ომს.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის არის ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ გრძელდება სხვადასხვა ომი და კონფლიქტი და რატომ არის მშვიდობის აღდგენის ყველა მცდელობა წარუმატებელი. ის არ შეიცვლება, ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ჩვენ, ყველა უნდა შევიცვალოთ. პუტინი ღიად ამბობს, რა სურს, რას აკეთებს და ვინ არის მისი სამიზნე. მისი პასუხი ყოველთვის არის ომი. ჩვენ, ყველა უნდა შევიცვალოთ, რომ ამ კაცის თავში ან ნებისმიერი აგრესორის თავში არსებულმა სიგიჟემ არ გაიმარჯვოს. პუტინი ღიად ამბობს, რა სურს, რას აკეთებს და ვინ არის მისი სამიზნე. მისი პასუხი ომის ხანგრძლივობაზე ყოველთვის არის – ომი დაუსრულებლად. მას სიამოვნებს კონფლიქტები, რომლებიც იწვევს სხვების ტანჯვას. მშვიდობისკენ მოწოდებებზე მისი პასუხია – მეტი იარაღი ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან. მისი მსგავსი რეჟიმები არსებობენ, ვიდრე ისინი აწარმობენ ომს. და ჩვენ, ყველა თავისუფალ მსოფლიოში ვარსებობთ, ვიდრე შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა. ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ჩვენ, უკრაინას ეხება, ისინი ფუნდამენტურად ცდებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, მხოლოდ რუსეთზე ზეწოლით შესაძლებელია ომის შეჩერება. მან პუტინის ამბიციებს მარცხისთვის განწირული უწოდა.
„პუტინის ამჟამინდელი მეგობრები ფხენიანსა და თეირანში, უბრალოდ, სარგებლობენ მისი სიგიჟით, ვიდრე მას ჯერ კიდევ აქვს ტექნოლოგიები და რესურსები, რომ მათ გადაუხადოს. არავის სჯერა მისი მომავლის და არავინ დებს მასში ინვესტიციებს“, -განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა დასავლეთის არასაკმარისი სანქციების გამო.
„რა თქმა უნდა, მე მადლობელი ვარ სანქციების თითოეული პაკეტისთვის. თუმცა მშვიდობის მოახლოება იქნება ჯილდო ყველასთვის, ვინც ზრუნავს იმაზე, რომ სანქციებმა ასი პროცენტით იმუშაოს. და ამავე დროს, დასავლეთის აშკარა სისუსტეა, რომ რუსეთის ბირთვული მრეწველობა ამ დრომდე არ არის გლობალური სანქციების ქვეშ, იმის მიუხედავად, რომ პუტინი მსოფლიოში ერთადერთი ტერორისტია, რომელსაც ბირთვული ელექტროსადგური მძევლად აქვს აყვანილი. ეს უნდა იყოს ამ წლის მტკიცე გადაწყვეტილება, როდესაც რუსეთის გაყინული აქტივები – როგორც სუვერენული, ისე ოლიგარქების მიერ კუთვნილი, მიმართული იქნება რუსეთის ომისგან თავდაცვაზე და უკრაინის აღდგენაზე. პუტინს ყველაზე მეტად ფული უყვარს. რაც მეტ მილიარდს დაკარგავენ ის და მისი ოლიგარქი მეგობრები და მოკავშირეები, მით მეტად ინანებს, რომ ეს ომი დაიწყო. პუტინმა უნდა ინანოს, ის უნდა დამარცხდეს, ჩვენ უნდა გავაქარწყლოთ წარმოდგენა, რომ გლობალური ერთიანობა უფრო სუსტია, ვიდრე ერთი კაცის სიძულვილი და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, ეს წელი გადამწყვეტი უნდა გახდეს.
„შესაძლებელია თუ არა, რომ უკრაინაში ომის გაყინვა მისი დასასრული გახდეს? არ მინდა, ჭეშმარიტებას დავეთანხმო, რომ ნებისმიერი გაყინული კონფლიქტი ადრე თუ გვიან კვლავ გაჩაღდება. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის შემდეგ იყო დონბასში ომის გაყინვის მცდელობები. იყვნენ ამ პროცესის ძალიან გავლენიანი გარანტორები – გერმანიის მაშინდელი კანცლერი, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტები. თუმცა პუტინი არის მტაცებელი, რომელიც არ კმაყოფილდება გაყინული პროდუქტებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკი თქმით, უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია რუსეთი დაამარცხოს ხმელეთზე, ზღვასა და ცაში.
მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერის და აგრესორზე ზეწოლის ნებისმიერი შესუსტება კონფლიქტს ახანგრძლივებს.
ზელენსკიმ მოუწოდა ყველა ქვეყანას, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, შეუერთდეს გლობალური მშვიდობის სამიტს, რომელსაც უკრაინა შვეიცარიასთან ერთად უმასპინძლებს.
„მშვიდობა უნდა იყოს პასუხი“, – აღნიშნა ზელენსკიმ დავოსში სიტყვით გამოსვლისას.