ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, უკრაინული არ ყოფილა
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, უკრაინული არ ყოფილა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, უკრაინული არ ყოფილა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მან მიიღო მოხსენება უკრაინის შეიარაღებული და საჰაერო ძალების მეთაურობისგან და „არ შეუძლია, მათ არ ენდოს“.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ის უკრაინული რაკეტა ან ჩვენი სარაკეტო დარტყმა არ იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა გამოძიებაში და მივიღებთ. მინდა, რომ ჩვენ ვიყოთ სამართლიანები და თუკი ეს ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის გამოყენება იყო, ამის მტკიცებულება მინდა. ჯერ გამოძიება, წვდომა და მონაცემები, რომელიც გაგაჩნიათ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მხარე გამოძიებაში უნდა ჩართონ. „გვაქვს თუ არა უფლება, ვიყოთ საგამოძიებო ჯგუფში? რა თქმა უნდა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თუმცა, ზელენსკის განმარტებით, ქვეყანას ასეთი მიწვევა პოლონეთისგან ჯერ არ მიუღია.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ცოცხალი ფარია მთელი აღმოსავლეთ ევროპისთვის და ამის შესახებ მას დასვლეთისგან არაფერი სმენია. როგორც ზელენსკი განმარტავს, გასული ღამის განმავლობაში, მას კონფიდენციალურ რეჟიმში სატელეფონო საუბრები ჰქონდა სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერთან.

პოლონეთში, უკრაინის საზღვართან გუშინ საღამოს რაკეტის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა.